ახალქალაქში საქართველოს ცნობილი ექიმები სომხეთის სამოციქულო ეკლესიის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, მედიის წარმომადგენლებს, რეგიონის ექიმებს შეხვდნენ და ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხეს.

დღეს, 13 მაისს, ახალქალაქში გრანდ მურ კაფეში გაიმართა შეხვედრა მედიასთან, სომხური ეკლესიის წარმომადგენლებთან და ექიმებთან. ექიმები ქართველ სამღვდელოებას ახალქალაქისა და კუმურდას ეპარქიაში შეხვდნენ. შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

კითხვებს პასუხობდნენ იმუნიზაციის საკითხთა ექსპერტთა ეროვნულ ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძე, ცნობილი ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეკოვი, კარდიოლოგი ზვიად ყიფიანი, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, მთავარი ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელი საქართველოში, ჰასან ხალილი.

UNIСEF-ის საკომუნიკაციო პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურძინაძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და სტუმრები წარუდგინა. შემდეგ სტუმრებს სომხური ეკლესიის მღვდელი ტერ ნარეკ ტიგრანიანი მიესალმა.

შეხვედრის მიზანია რეგიონში მოსახლეობის ინფორმირება და კითხვებზე პასუხის გაცემა.

რეგიონებში ვაქცინაციის პროცესი არ არის აქტიური, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში ცოტაა ვაქცინირებული.

მაია ქურძინაძის თქმით, მათი ვიზიტი მიმართულია მოსახლეობის ინფორმირებისა და ვაქცინაციის შესახებ მითების განადგურებისკენ.

”ვაქცინაცია- ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა covid-თან ბრძოლის წინააღმდეგ. ჩვენ ასეთ შეხვედრებს ვმართავთ რეგიონებში. სამცხე-ჯავახეთში ძალიან ცოტაა ვაქცინირებული და ამიტომ გადავწყვიტეთ აქ მოსვლა. რთული იყო ყველა ექიმის შეკრება, რადგან ისინი ძალიან დაკავებულები არიან, მაგრამ შეხვედრის ორგანიზება შევძელით”, – თქვა მაია ქურძინაძემ.

ექიმებმა მოკლედ ისაუბრეს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

კარდიოლოგმა, ზვიად ყიფიანმა ისაუბრა COVID-19-ის გავლენაზე ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ივანე ჩხაიძემ – ბავშვების ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და როგორ ვითარდება მსოფლიოში ბავშვების ვაქცინაციის პროცესი. ბიძინა კულუმბეკოვმა განმარტა, რომ ალერგიით დაავადებულებსაც სჭირდებათ ვაქცინაცია და შედეგების არ უნდა ეშინოდეთ. ხათუნა ზახაშვილმა წარმოადგინა COVID–ის ზოგადი მდგომარეობა ქვეყანაში და განმარტა ვაქცინაციის აუცილებლობა.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელმა, ჰასან ხალილმა წარმოადგინა ვაქცინაციის მნიშვნელობა და ისაუბრა, თუ რატომ მოაწყვეს შეხვედრა.

ამის შემდეგ, დაიწყო კითხვები და პასუხები. კითხვები საქართველოში გამოყენებული ვაქცინების უპირატესობებთან დაკავშირებით, როგორ ავირჩიოთ ვაქცინა, საჭიროა თუ არა ვაქცინის ჩატარებამდე გამოკვლევა და სხვა.

Jnews–ი დაინეტერესდა, საქართველოში ლაბორატორიულად დარეგისტრირებულია თუ არა კორონავირუსის ინდური შტამი და ეფექტიანია თუ არა ვაქცინაცია კორონავირუსის ყველა შტამისთვის.

”ჩვენი ცენტრი შტამების მონიტორინგს ახორციელებს, რომლებიც ქვეყანაში ცირკულირებს. ამჟამად ჩვენთან ძირითადად ბრიტანული შტამი ვრცელდება და უფრო ძველი შტამი, რომელიც არსებობდა მთელ მსოფლიოში. ვაქცინოლოგების თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები ყველა ცნობილ შტამს მოიცავს. რაც შეეხება ინდურ შტამს, ამ შტამზე ბევრი გამოკვლევა არ ჩატარებულა, რადგან ის ამ ბოლოს გაჩნდა. ინდოელი ექიმების თქმით, ინდოეთში ახლა  გამოშვებული ვაქცინა ინდურ შტამს ფარავს. 100% არა, მაგრამ კარგი შედეგები გამოჩნდა”, – თქვა ხათუნა ზახაშვილმა.

 

vakcina hanbipumm

სტუმრები ხვალ ახალციხის ექიმებს და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.