დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

წლების განმავლობაში, ამ დღეს ომის ვეტერანები და საზოგადოების წარმომადგენლები ტრადიციულად, ვაკის პარკში იკრიბებოდნენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივს მიაგებდნენ. თუმცა წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.