იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსახლეობას მიმართავს, დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, გარდაუვალი აუცილებლობის გარეშე, ნუ მივლენ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში.
როგორც მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უსაფრთხოების ეს ზომა ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო მიიღეს.
მისივე თქმით, გამოქვეყნდება ყველა იმ სერვისის ნუსხა, რომლის მიღებაც შესაძლებელია ონლაინ.
თეა წულუკიანის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს სისტემა, კერძოდ კი იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და მუნიციპალიტეტებში რეესტრის სხვადასხვა ტერიტორიული სამსახურები, ასევე სანოტარო ბიუროები დღეში 30 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურებიან, შესაბამისად, აუცილებელია მოქალაქეებმა თხოვნა გაითვალისწინონ ვირუსის პრევენციის თვალსაზრისით.
„გარდაუვალი აუცილებლობა არის ის, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე, რომელსაც ექნება გარდაუვალი აუცილებლობა და მაინც მობრძანდება სერვისის მისაღებად, თავი შეიკავოს, რომ თან ჰყავდეს თანმხლები პირები. ეს არის კლასიკური შემთხვევა. განსაკუთრებით, იუსტიციის დიდ სახლებში, მოქალაქეები სერვისის მისაღებად თანმხლებ პირებთან ერთად მოდიან. გთხოვთ, ამისგანაც შეიკავოთ თავი, რადგან ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოძრაობდეს საჯარო სივრცეებში. მესამე – თუ შეგიძლიათ, რომ ესა თუ ის მომსახურება მიიღოთ ელექტრონულად, ონლაინ, ამ მეთოდს მიმართეთ”, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.