საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდულ რეჟიმს, იტალიის შემდეგ, ევროპის კიდევ 4 ქვეყანა დაემატა. 14-დღიან კარანტინს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც გაივლიან.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საკარანტინო რეჟიმს ამ ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე გაივლის, უცხოელებმა კი, საზღვარზე კორონავირუსზე კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც საკარანტინო რეჟიმს დაექვემდებარებიან.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარკვეული შეზღუდვები უკვე არსებობს ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან შემოსულთათვის.
“გარდა ამისა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, თავი შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან, რამდენიმე თვით. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას“, – განაცხადა გახარიამ.