სოფელ ბავრასთან მდებარე წყალსაცავში თევზი დაიხოცა. დაღუპული თევზი ნაპირზე გამოიტანა. სოფლის მოსახლეობა შეწუხებულია, მათ შეატყობინეს შესაბამის სტრუქტურებს, რათა მიზეზი გაერკვიათ, რადგან ახლომდებარე სოფლების საქონელი ამ წყალსაცავიდან სვამს წყალს.
წყალსაცავში დახოცილი თევზი სოფლის მოსახლეობამ გუშინ აღმოაჩინა, მაგრამ უცნობია ის, თუ როდის მოხდა თევზის დახოცვა. ამას ექსპერტიზა დაადგენს. დღეს ადგილზე გავიდნენ ბუნების დაცვის რეგიონალური სააგენტო და ახალქალაქის მერიის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი, რამაზ ხუციშვილი. მათ თევზი ექსპერტიზაზე გააგზავნეს. წყალსაცავში ძირითადად კარჩხანა ბინადრობს.
წყალსაცავი, რომელსაც ადგილობრივები «ბიოგეკის» ტბას უწოდებენ, სოფელი ბავრადან 8კმ-ში მდებარეობს. უახლოესი სოფლებიდან, ძირითადად ბავრადან და კარტიკამიდან, საქონელი ამ ადგილებში სვავს წყალს.
თევზის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ზამთრის პერიოდში ყინულის ქვეშ ჟანგბადის ნაკლებობით იყვეს გამოწვეული.
«მე ადგილზე ვიყავი, ალბათ ჟანგბადი არ ეყოთ, ტბაში წყალი ძალიან ცოტაა, ყინვაა და თევზი დაიხოცა»,- თქვა რამაზ ხუციშვილმა.
სოფლის მოსახლეობა აღნიშნული ფაქტით შეწუხებულია. მათ თევზისაგან წყალსაცავის სანაპიროს დასუფთავება უნდათ, რადგან მალე საქონლის საძოვარზე გასვლის სეზონი იწყება.
Jnews-ი პასუხისმგებელი ორგანოებისგან კვლევის პასუხების შესახებ და სხვა დეტალების შესახებ გარკვევას შეეცდება და მის მკითხველს ინფორმაციას შემდგომ მასალებში აცნობს.