ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოში Nokia–ს საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, სადაც მინისტრის მოადგილეები, გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი ფინური კორპორაციის რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს მიკო ლავანტის შეხვდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფინურ კორპორაციას ქართულ ბაზარზე შესვლა სურს. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელოვნური ინტელექტი და ზოგადად ციფრული ეკონომიკა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა Nokia–ს ვიცე-პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაში მიმდინარე სიტუაციის, მათ შორის ციფრული ეკონომიკისა და უნივერსალური ინტერნეტის განვითარების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველო აპირებს გახდეს ციფრული ცენტრი რეგიონში, რისთვისაც მრავალი პროგრამა ხორციელდება. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ხელსაყრელ საკანონმდებლო გარემოზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ტექნოლოგიური კორპორაციების მოზიდვას და ქვეყანაში რეგიონალური ოფისების გახსნას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომუნიკაციების, ინფორმაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა კუბუსიძე.