საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თაობაზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე გაჟღერილი ინფორმაციის თანახმად, დღეის მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებულია 23 ადამიანი. დაავადებულითა უმრავლესობის მდგომარეობა კარგია, 2 შემთხვევაზე შედარებით რთული სიმპტომები დაფიქსირდა, თუმცაღა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სათანადო მკურნალობას გადიან.
ამჟამად კარანტინში 126 ადამიანი რჩება, 46 ადამიანი საავადმყოფოებშია ჰოსპიტალიზირებული.
დღეს, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, პროფილაქტიკური ზომების მიღების ფარგლებში, საბჭომ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:
არდადეგები მთელი საქართველოს მასშტაბით 1 აპრილამდე გაგრძელდება. ასევე 1 აპრილამდე არ იმუშავებს ცენტრები, რომელიც შშსმ პირებისათვის არის განკუთვნილი.
13 აპრილამდე, 1 თვის ვადით, გადაიდო სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოწვევა.
სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილების აუცილებლობა.