საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება. NEW- მა სცადა რეგიონალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორისგან გაერკვია, თუ რა ვითარებაა კორონავირუსთან დაკავშირებით ახალქალაქის რაიონში.
”ახლა ჩამოდიან, როგორც სომხეთიდან, ასევე რუსეთიდან, არავინ გვაცნობებს, არც ჩვენ, არც საპატრულო პოლიციას, ჩვენ არ ვიცით ვინ მიდის, ვინ მოდის. ამაში მდგომარეობს საშიშროება, ეს შეიძლება გახდეს დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიზეზი. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ადამიანებმა დამცავი ზომების მიღება არ უნდა შეასუსტონ, დაიცვან ჰიგიენა, ასევე არ დაარღვიონ დისტანციის წესები”, – ამბობს ავეტიკ ტონაკანიანი.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში სიტუაცია ძალიან კარგია.
”თუ გახსოვთ, რამდენად კარგად ვიცავდით თავს ინფექციის დაწყებისას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი დაავადებული იყო, ხოლო ჩვენს რეგიონში — არავინ, მაგრამ შემდეგ, მეორე ეტაპზე, ბევრი დაინფიცირებული გვყავდა. ახლაც კი დაავადებულები არ გვყავს, დღეში თითქმის 100-150 ტესტს ვაკეთებთ, არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა”, – დასძინა მან.
ამჟამად ყოველ 14 დღეში რაიონის ყველა პედაგოგი ტესტირებას იკეთებს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში.
ტონაკანიანი ნერვიულობს, რომ შესაძლოა ვირუსი დიდი ქალაქებიდან ახალქალაქში შეიტანონ.
სპეციალისტების აზრით, კორონავირუსის მესამე ტალღა მოსალოდნელია ბრიტანული შტამით.
”ეს არის იგივე ვირუსი, რომელმაც მუტაცია განიცადა, ხალხი უფრო სწრაფად ინფიცირდება, თუ მანამდე ახალგაზრდების გამო არ გვეშინოდა, ახლა ისინიც ინფიცირდებიან ახალი შტამით და დაავადება რთულად გადააქვთ”, – ამატებს ტონაკანიანი.
2021 წლის იანვრიდან დღემდე ახალქალაქში ჩატარდა 1442 PCR ტესტი და 6638 ექსპრეს-ტესტი ანტისხეულებზე.