ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან მმართველი პარტია რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნებისთვის კამპანიას იწყებს.
როგორც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ განმარტა, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ისინი რეგიონებში შეხვედრებს გამართავენ.
„უმრავლესობის სხდომა ბუნებრივია და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე ვითარებას, არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ მიმდინარე საკითხებზეც, რეგიონებზეც ვილაპარაკეთ. ამ ჭრილში ჩვენ გადავწყვიტეთ ასევე, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში. მათ შორის, ერთგვარად შეგვიძლია დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხებიც იქნება ასევე პრიორიტეტული, რეგიონალური გამოწვევები და ჩვენ თითქმის ყველა რეგიონში გვექნება მომდევნო 2 თვის განმავლობაში შეხვედრები, მათ შორის, პირველ რიგში, პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც დავინტერესდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.