საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში 55 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაზე მოთხოვნა მაღალია.
„ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კალენდართან მიმართებაში, რომლითაც დღეს საქართველო ხელმძღვანელობს ვაქცინაციის პროცესის წარმართვის საკითხში. საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი და აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით. ასევე, იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა“, – განაცხადა მინისტრმა.