კორონავირუსის შტამი “ომიკრონი” საქართველოში სწრაფად ვრცელდება.  სწრაფი გავრცელების მიუხედავად, “ომიკრონი” საკმაოდ მარტივი ფოტმით მიმდინარეობს.  ექიმები ყველას მოუწოდებენ აიცრან, თუნდაც იმისთვის, რომ  თავიდან აიცილონ ვირუსის შემდგომი მუტაციები.  საახალწლო არდადეგებზე ახალქალაქში ვაქცინაციის ტემპი შენელდა.

“ომიკრონით” ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2021 წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა.  მაშინ ვირუსმა ძალიან სწრაფად დაიწყო გავრცელება. ამჟამად საქართველოში ომიკრონის შტამის 1200-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის ეპიდემიოლოგის, გაიანე ისპირიანის თქმით, კორონავირუსის შტამი “ომიკრონი” ინფიცირების ინტენსივობით მხოლოდ წითელას და სხვა მძიმე ინფექციებს ჩამორჩება.

“ომიკრონით” ერთ ინფიცირებულს 8 ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. ამაზე მეტი არის მხოლოდ  წითელა – 1 ავადმყოფი აინფიცირებს 9 ადამიანს. ამის ზემოთ კი საშიში ინფექციებია”, – ამბობს ეპიდემიოლოგი გაიანე ისპირიანი.

მისი თქმით, შტამ “ომიკრონის” გავრცელებისა და მისი მუტაციის თავიდან აცილება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი.  ის ყველას მოუწოდებს აცრისკენ.

„თუ ყველა ადამიანი აცრილი იქნება, მაშინ ვირუსი მუტაციას ვერ მოახდენს, დღესასწაულებზე ვაქცინაციის პროცესი ცოტა შესუსტდა, ახლა დაიწყო, მაგრამ მაინც დაბალია ახალქალაქში ვაქცინაციის მაჩვენებელი, ვაქცინაციის მსურველი ცოტაა“, – ამბობს გაიანე ისპირიანი.

ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ახალქალაქში დღეში საშუალოდ 30 ადამიანი იცრება.

ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი 2021 წლის ივლისში დაიწყო.

ამ პროცესის დაწყებიდან 2021 წლის ბოლომდე ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში აცრა 2400-მდე ადამიანმა ჩაიტარა.  მიმდინარე წელს აცრა 270-მდე ადამიანს ჩაუტარდა.

Pfizer-ის ვაქცინა ყველაზე პოპულარულია ახალქალაქის მოსახლეობაში, შემდეგ მოდის Sinopharm-ი და Sinovac-ი.  ახალქალაქში AstraZeneca-ს ვაქცინით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 2-3 ადამიანი იყო აცრილი.

ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში ვაქცინაცია ყოველდღიურად ტარდება, ადამიანებს ორი ჯგუფი ემსახურება.  საავადმყოფოს ორი ვაქცინაციის ოთახი აქვს.  ეპიდემიოლოგის თქმით, ახალქალაქში პოსტვაქცინაციის, არც ერთი მძიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა.