ახალციხე-ახალქალაქის გზა შეიძლება არა მდინარე კორხის წყლის ხიდიდან, არამედ ახალქალაქიდან  დაიწყოს. ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი აპირებს ამ საკითხზე გზების დეპარტამენტს მიმართოს.

ახალციხე – ახალქალაქის საავტომობილო გზა ორ წელზე მეტია უიმედო მდგომარეობაშია.  გზაზე დიდი ორმოებია წარმოქმნილი, რომელთა გვერდის ავლა თითქმის შეუძლებელია.  როგორც ჩანს, მძღოლების მუდმივი პრეტენზიები არავის აღელვებს. მათი უკმაყოფილება ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ მანქანები, რომლებიც ასეთ გზაზე დადიან, ვერ იქნებიან სრულყოფილ ტექნიკურ მდგომარეობაში, რათა  ტექნიკური დათვალიერება გაიარონ.

ქალაქის ცენტრალური გზის მონაკვეთი, რომელსაც ადგილობრივები “ვსტრეჩას” ეძახიან, სავალალო მდგომარეობაშია.  ახალქალაქის მერი ამ მონაკვეთის უახლოეს მომავალში  გარემონტებისთვის ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს.

”გზის შეკეთების შესახებ ხელშეკრულება არ დაგვიდია, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დადო, ამიტომ მე დეპარტამენტში წერილობითი განცხადება უნდა წარვადგინო, რომ ასფალტის დაგება ქალაქის ზედა ნაწილიდან დაიწყოს. თუ სარემონტო სამუშაოები მდინარე კორხის წყლის ხიდიდან დაიწყება, ამას დიდი დრო დასჭირდება, ის შემოდგომამდე გაიწელება, თუ აქედან დაიწყებენ, ქალაქი 10-15 დღეში გაიწმინდება. მე აუცილებლად უნდა შევიტანო ეს წინადადება”, – ამბობს იურიკ უნანიანი.

რაც შეეხება გზების ამჟამინდელ მდგომარეობას, მერი აღნიშნავს, რომ ორმოების ამოვსების სამუშაოები, რამდენიმე დღეში დაიწყება.

”ვიცი, რომ ამ გზების მდგომარეობა გაუსაძლისია. გზის გრეიდერით გასწორების სამუშაოები ჩატარდება”, – დასძინა უნანიანმა.

აღსანიშნავია, რომ წლეულს ადგილობრივმა ბიუჯეტმა 230 ათასი ლარი გამოყო ახალქალაქის შიდა გზების გრეიდერით გასწორების სამუშაოებისთვის.

ახალციხე-ახალქალაქი გზის რეკონსტრუქცია 2020 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყო. საერთო ჯამში საჭიროა გზის  7 კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთება, მდინარე კორხის წყლის ხიდიდან დაწყებული. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი 6 638 460 ლარის ოდენობით ახალციხე-ახალქალაქის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის (კორხის წყლის ხიდიდან ახალქალაქამდე).  ტენდერი მოიგო კომპანია “საგზაო-სამშენებლო სამმართველო N1”-მა 5,744,000.00 ლარის ოდენობით.

ამ პროგრამის ფარგლებში 2021 წელს ახალქალაქის ცენტრში, თავისუფლებისა და დარბინიანის ქუჩების გადაკვეთაზე, ორმოები შეკეთდება. ელექტრონული კონკურსით გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შესრულების ვადა 2 წელია.