საქართველოს გენერალური პროკურატურის, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დააკავეს. ინფორმაციას უწყება მთავარ გვერდზე ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პროკურორმა დ.შ-მ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი – 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულის ოჯახის წევრი დასთანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით მთლიანობაში 20 000 ლარი გამოართვა. ეჭვმიტანილი პროკურორის ქრთამის აღების დროს დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა მიმართავს, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

“გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურა კორუფციულ დანაშაულზე ახორციელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას და შეურიგებელია მსგავსი ხასიათის დანაშაულების, მათ შორის, განსაკუთრებულად პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის მიმართ და ზემოხსენებული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, პროკურატურას ექნება უმკაცრესი რეაგირება” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.