საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით, ვაქცინაციის დროს რისკები მნიშვნელოვნად მცირეა.
„გუშინდელმა შემთხვევა დაგვანახა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა ზუსტად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება, მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გაგრძელება. ამდენად ყველა ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილურ კლინიკებში. 40 კლინიკაა, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება და ყველა პირობასთან ერთად, რაც როგორც ამბულატორიაში, ასევე სტაციონარებში არის უზრუნველყოფილი, აქ არის კიდევ რეანიმაციული განყოფილება, რაც იძლევა გარანტიას, რომ ჩარევა იქნება დროული“,- განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს, ახალციხის კლინიკა „იმედში“ 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. გოგონა დღეს გარდაიცვალა.