ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაიწყო კორონავირუსის პრევენციის სადეზინფექციო სამუშაოები. დღეს დეზინფიცირებულ იქნა საკრებულოს, მერიისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის შენობები.
ამის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იტყობინება.
ახალქალაქის მუნიციპალურ ორგანიზაციებში კორონავირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო ღონისძიებებს საკუთარი ძალებით ახორციელებენ, რადგან სპეციალიზირებული ორგანიზაციები არიან დაკავებული და სამუშაოებს ჯერჯერობით ვერ შეასრულებენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, თბილისში ეძებდა ორგანიზაციებს, რომლებიც ჩაატარებდნენ დეზინფექციას. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებმა დიდი თანხა მოითხოვეს, სამუშაო დროულად მაინც ვერ შეასრულეს.
დეზინფექცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 22 ობიექტს ჩაუტარდება. საერთო ფართობი 1200-1500კბ\მ-ს შეადგენს. მასში შედის მერიის და საკრებულოს შენობები, საბავშვო ბაღები და სხვა მუნიციპალური ორგანიზაციები.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დეზინფექციის სამუშაოებს საკუთარი ძალებითა და სახსრებით განახორციელებენ.