21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ამჟამად ძალაში რჩება, მსგავსი გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეპიდემიოლოგებმა გადაწყვიტეს, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას თვალი ადევნონ და სამომავლო გადაწყვეტილებები დეტალური ანალიზის შედეგად მიიღონ.
«დღევანდელ შეხვედრაზე კომენდატის საათის გაუქმებაზე იყო საუბარი, როგორც იცით, ერთად ამდენი შეზღუდვის მოხსნა არასასურველია. ყოველი შეზღუდვის შემდეგ ჩვენ უნდა დაველოდოთ, ერთი-ორი კვირის განმავლობაში შევხედოთ და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე ჩვენ საჭიროდ არ ჩავთვალეთ [კომენდატის საათის გაუქმება]. ალბათ, თუკი ეპიდსიტუაციას ამ ფარგლებში შევინარჩუნებთ, ეს საკითხიც დადგება დღის წესრიგში»,- განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
«კომენდატის საათის» დარღვევისთვის ჯარიმა 2 ათას ლარს (600 დოლარს) შეადგენს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოგვიწოდებს პირბადე მაქსიმალურად ვატაროთ, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე ქუჩაში, რაც ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
“დღევანდელ სხდომაზე საბჭომ განიხილა ლოგიკური საკითხები, რომლებიც ქვეყანაში ვაქცინის შემოტანასთან არის დაკავშირებული, ასევე მიმდინარე მოლაპარაკებებზე საერთაშორისო პარტნიორებთან და მეწარმეებთან”, – აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
8 მარტიდან საქართველოში შეზღუდვების გაუქმების მორიგი ეტაპი დაიწყო: სამთო კურორტებზე ამუშავდა საბაგიროები, ყველა რესტორანში და კაფეში ნებადართულია დახურულ სივრცეში მუშაობა ( შაბათ -კვირის გარდა), ხოლო სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები ახლა დასვენების დღეებშიც მუშაობენ.