შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, ხვალინდელი დღიდან რა შეზღუდვები მოიხსნება.

მისი თქმით, 8 მარტიდან კვების ობიექტები დახურულ სივრცეში განაახლებენ მუშაობას, ასევე ამოქმედდებიან მთის კურორტებზე არსებული საბაგიროები.

«საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება, პირველ რიგში, ეს არის კვების ობიექტებთან დაკავშირებული შეზღუდვები. როგორც იცით, შიდა სივრცეში მათი ფუნქციონირება დღესდღეობით აკრძალულია, ამიტომ, 8 მარტიდან ეს შეზღუდვა მოიხსნება და შაბათ-კვირის გარდა, მათი ფუნქციონირება იქნება ხელმისაწვდომი.

8 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სამთო კურორტის საბაგირო გზები. არის ასევე ერთი სიახლე, რომელიც ამავე პერიოდში შედის ძალაში, 8 მარტიდან ნებადართული იქნება საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

საცალო და საბითუმო ვაჭრობა 8 მარტიდან, ნებადართული იქნება, როგორც შაბათ-კვირას, ასევე სხვა ნებისმიერ დღეს, როგორც მოლების ტერიტორიაზე, ასევე ბაზრობებზე», – განაცხადა ფერაძემ.

ამასთანავე, აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია მონიტორინგს განაგრძობს.

მისივე თქმით, ორკვირიან ვადაში საკოორდინაციო საბჭო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლებელი იქნება, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

«თუკი 2-კვირაში რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა გვექნება, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება»,- განაცხადა ფერაძემ.