სოფელ ღადოლარის მოსახლეობა 20 წელზე მეტია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს.  ყოველთვის მიმართავენ შესაბამის უწყებებს, მაგრამ საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ პრობლემა უკვე მოგვარებულია და სოფლის მოსახლეობას სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა აღარ ექნება.

სოფლის მოსახლეობის და სოფლის სპეციალისტის თქმით, სოფლის წყალმომარაგების პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ სოფელ ბეჟანოს მოსახლეობა წყალმომარაგების მილს აზიანებს, დიდ ნახვრეტებს უკეთებენ, რის გამოც წყალი სოფელ ღადოლარამდე ვერ აღწევს.

«ის წყალმომარაგების ხაზი, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, ბეჟანოს გავლით გადის. ჩვენ გარდა, ამ წყალმომარაგების ხაზით კიდევ, რამდენიმე სოფელი სარგებლობს: ლომატურცხი, ტურცხი, კაჯი, ხოლო ბეჟანოდან 40-50 ოჯახი. პირველ რიგში, წყალმომარაგების ხაზი ძალიან ძველია, წელიწადში 15-20-ჯერ არემონტებენ, მისი ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა, ის გვერდზეც რომ გადავდოთ, აქ ძირითადი და მთავარი პრობლემა — სოფელ ბეჟანოს მოსახლეობაა, რადგან ისინი მილებს მიწების მორწყვის მიზნით ხვრეტენ. სარწყავი სეზონის დროს, როცა პრობლემა გაჩნდა, პირადად მე ვმუშაობდი ხალხთან, პირადად მე გამოვაერთე 15 ონკანი. ეს საშინელებაა»,- ამბობს მკრტიჩ სტეფანიანი, სოფელ ღადოლარის სპეციალისტი.

სტეფანიანი ასევე აღნიშნავს, რომ, რომელიმე კანონი მაინც უნდა მოქმედებდეს, რომელიც დასჯის მათ, ვინც აზიანებს, ან ხვრეტს წყალმომარაგების ხაზს.

«არ არის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ადამიანისთვის აქტის გამოწერა, ჩვენს რაიონულ შეკრებას არ აქვს მიღებული კანონი, რომლის თანახმად ადამიანს, რომელიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, სასამართლო პასუხისმგებლობის წინაშე დააყენებს. სოფელ ბეჟანოს ის მცხოვრებლები, რომლებიც ჩვენი წყალსადენი მილით სარგებლობენ, დაახლოებით 40-50 სახლია, არც ერთ მათგანს არ აქვს ონკანი, თუკი ერთ ოჯახს 15 მმ-ის მილს გაუყვანენ, ყველას ეყოფა. ხოლო სოფელ ბეჟანოს მოსახლეობას 5-15 მმ-ს ნახვრეტი არ აქვს, როცა მიდიხარ და ხედავ, რომ მილები მინიმუმ 40-50 მმ-ს შეადგენს, ჭკუიდან გადასვლა შეიძლება»,- ამატებს მკრტიჩ სტეფანიანი.

ღადოლარიდან ბეჟანომდე დაშორება 8 კმ-ზე მეტს შეადგენს. წყალმომარაგების პრობლემა, როგორც ღადოლარის მოსახლეობა ამბობს, არის მხოლოდ ბეჟანოს ტერიტორიაზე. ბეჟანოდან სოფელ ღადოლარამდე დიდი მანძილია, მაგრამ არავითარი პრობლემა არ არის. მილის ძირითადი ნაწილი ერთხელ ზამთარში გაიყინა, მაგრამ ეს პრობლემა მაშინვე მოგვარდა.

სოფელ ღადოს მოსახლეობა შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლას სთავაზობენ, რომლის დახმარებით შესაძლებელია პრობლემის საბოლოოდ მოგვარება.

«პრობლემის მოგვარება მდგომარეობს შემდეგში: წყალმა დანაკარგის გარეშე უნდა გაიაროს ბეჟანო, თუ შესაძლებელია, დაინიშნოს კონტროლიორი, სოფელ ღადოს ნებისმიერი მცხოვრები მზად არის გადაიხადოს, რომ წყალი ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, ის მონაკვეთი, რომელსაც ძირითადად აზიანებენ, დაახლოებით 2 კმ-ს შეადგენს. ეს მილი უკვე დაზიანებულია, ის მწყობრიდან გამოვიდა. ვთავაზობთ ახალი წყალსადენი მილის აშენებას და ღრმად ჩამარხვას»,- ამბობს სოფლის მოსახლეობა.

ღადოლარის სპეციალისტის მკრტიჩ სტეფანიანის თქმით, გასული ხელისუფლების დროს ამ წყალსადენზე სამუშაოები ტარდებოდა. დახარჯული იყო დაახლოებით 180 000 ლარი, მაგრამ პროექტი აღმოჩნდა მცდარი, გათვალისიწნებული იყო ბეჟანოს შემოვლით წყალსადენი მილის აშენება, რომ ბეჟანოს მოსახლეობამ დაბრკოლება არ შექმნას, და წყალმა გათვალისწინებულ სოფლებში ნორმალურად მოახერხოს მისვლა.

«ხალხი, ვინც ჩვენი წყალსადენიდან იღებს წყალს, რომელიც მთიდან ჩამოდის, ახლა წყალი აქვს. წყალსადენი ქვეყნის სახელმწიფო ბალანსზე არ აღირიცხება, სიმართლე გითხრათ, არც გვინდა, რომ ეს მოხდეს. რადგან ვიცით, ჩვენი წყალი, როგორ გამოვიყენოთ»,- ამატებს სტეფანიანი.

სოფლის სპეციალისტმა პრობლემის შესახებ აცნობა პარლამენტის დეპუტატს, რაიონული შეკრების თავმჯდომარეს, მერს, თავისი სოფლის დეპუტატს, ასევე, ეკონომიკის განყოფილებას მიმართა წერილობითი განცხადებით.

ახალქალაქის მერის იურიკ უნანიანის თქმით, პრობლემა უკვე ერთი წელია მოგვარებულია.

«წელს წყლის პრობლემა მოგვარებული იყო. მოსახლეობა მერიაში მოვიდა, ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ზამთარში ერთ პერიოდში წყალსადენი მილის ძირითადი ნაწილი იყინებოდა, დავასუფთავეთ და ვუთხარით, რომ ყველაფერი რიგზეა. იქნებ ახლა, როცა ყველა ონკანი ღიაა, წყალი შეცოტავდა. შეიძლება წყლის უკმარისობა იგრძნობა. შესაძლებელია, რომ მოსახლეობამ გახვრიტა, ვერ გეტყვით, ახლა როგორი სიტუაციაა, მაგრამ ეს რეგულირებადი საკითხია. ეს საკითხი წყალმომარაგების კომპანიამ უნდა მოაგვაროს», – ამბობს მერი.

თავის მხრივ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერმა, არტაკ თარლამაზიანმა შემდეგი რამ გვაცნობა:

«აუცილებელია კონტროლისთვის დარაჯი. დარაჯის პოზიციის გახსნის შესაძლებლობა არ მაქვს, საჭიროა მიმართონ კომპანიას. თუმცა, იქ ასეთი ადამიანის ნახვა შეუძლებელია, მან წყალსადენი მილი ყოველ დღე უნდა აკონტროლოს, წყალსადენი მილის მთელ სიგრძეზე. მილის ღრმად ჩამარხვა არ გამოვა, სტანდარტული სიღრმე 0,70-1 მეტრია. ჯარიმა არ არის, დაჯარიმების ერთი პრეცედენტი მაინც რომ იყოს, სხვებს შეეშინდებათ»,- ამბობს არტაკ თარლამაზიანი.