ყველა კერძო მაუწყებელი იყო აშკარად მიკერძოებული, მაშინ, როდესაც ძირითად კანდიდატებს საზოგადოებრივ არხებზე დაეთმოთ შედარებით თანაბარი დრო, ძირითადად ნეიტრალური გაშუქებით, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში, რომელიც საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნდა.
ანგარიშში შეფასებულია საარჩევნო კამპანიის გაშუქების საკითხი:
„მრავალფეროვანი და პლურალისტული მედია გარემო მკვეთრად პოლარიზებულია პოლიტიკურ მიმართულებებსა და ბიზნეს ინტერესებს შორის. ოდირის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის მედიის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა კერძო მაუწყებელი იყო აშკარად მიკერძოებული, მაშინ, როდესაც ძირითად კანდიდატებს საზოგადოებრივ არხებზე დაეთმოთ შედარებით თანაბარი რაოდენობის ძირითადად ნეიტრალური გაშუქება. ძირითადი კერძო მაუწყებლების მიკერძოებულმა სარედაქციო გაშუქებამ, მმართველ პარტიასა და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატების არარსებობამ, კამპანიის გაშუქების კონფრონტაციულმა ტონმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. გარდა ამისა, რეალური საგამოძიებო გადაცემებისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის ფონზე, კამპანიის გაშუქება ზოგჯერ შემოიფარგლებოდა ყოველდღიური კამპანიის საქმიანობით და ძირითადი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოთქმული ბრალდებებით“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, უფასო საეთერო დროის გამოყოფის არსებული სისტემა არასათანადოდ ზღუდავს საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობებს პატარა პარტიებისთვის, რაც წინააღმდეგობაში მოდის ეუთო-ს ვალდებულებებთან.
„ამასთან, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და აჭარის ტელევიზიამ გადაწყვიტეს ხუთი და ექვსი წუთი უფასო საეთერო დრო დაეთმო ყველა პარტიისა და ბლოკის წარმომადგენლისთვის ინტერვიუს სახით ახალ ამბებში. ამ შეთავაზებით ისარგებლა არჩევნებში მონაწილე პარტიების უმრავლესობამ“, – აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
ამავე დასკვნით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაატარა დამატებით ოთხი დებატი იმ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, რომლებმაც ბიუჯეტიდან მიიღეს დაფინანსება.
„მაუწყებლები, რომლებმაც გადაწყვიტეს, გაეშუქებინათ არჩევნები, ვალდებული იყვნენ, ჩაეტარებინათ დებატები იმ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით, რომლებმაც ბიუჯეტიდან მიიღეს დაფინანსება.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაატარა დამატებით ოთხი დებატი ასეთი პარტიებისთვის და კიდევ ოთხი დებატი სხვა არჩევნების სხვა მონაწილეებისთვის. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა კანონის მოთხოვნა და არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა გადაცემას თან ახლდა ჟესტების ენის თარგმანი, რამაც საშუალება მისცა სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიეღო“, – აღნიშნულია ანგარიშში.