ახალქალაქის მუნიციპალურ ორგანიზაციებში კორონავირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო ღონისძიებებს საკუთარი ძალებით განახორციელებენ, რადგან სპეციალიზირებული ორგანიზაციები დაკავებულნი არიან და სამუშაოებს ჯერჯერობით ვერ შეასრულებენ.
ახალქალაქის მერიის წარმომადგენლის, არმენ მარანგოზიანის თქმით, ადგილობრივ ორგანიზაციებში, სადეზინფექციო სამუშაოები ხვალ, დღის მეორე ნახევარში დაიწყება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, თბილისში ეძებდა ორგანიზაციებს, რომლებიც ჩაატარებდნენ დეზინფექციას. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებმა დიდი თანხა მოითხოვეს, სამუშაო დროულად მაინც ვერ შეასრულეს.
“1კვ\მ ფართობის დეზინფექციისთვის 2,50 ლარი მოითხოვეს, ეს დიდ თანხა, რის გამოც, ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა. წამლები ორგანიზაცია შპს “სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის” საქართველოს საინჟინრო აკადემიაში შეუკვეთეს. ორგანიზაციები თვითონ ჩაატარებენ დეზინფექციას, ხოლო ჩვენ ინსტრუქტაჟს გავუწევთ”, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ავეტიკ ტონაკანიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 22 ობიექტს ჩაუტარდება დეზინფექცია. საერთო ფართობი 1200-1500 კბ\მ-ს შეადგენს. მასში შედის მერიის და საკრებულოს შენობები, საბავშვო ბაღები და სხვა მუნიციპალური ორგანიზაციები.
“გარდა იმისა, რომ ძვირია, ორგანიზაციები დაკავებულნი არიან და თქვეს, რომ დეზინფექციის სამუშაოების ჩატარებას თვის ბოლოსთვის განახორციელებენ, ხოლო ჩვენ ყველაფრის დასრულება 16 მარტამდე გვჭირდება, ამიტომ გადავწყვიტეთ დრო არ დავკარგოთ და საკუთარი ძალებით გავაკეთოთ ყველაფერი”, – განაცხადა ახალქალაქის მერის პირველმა მოადგილე არმენ მარანგოზიანმა.
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დეზინფექციის სამუშაოებს საკუთარი ძალებითა და სახსრებით განახორციელებენ.
“ყველა სკოლამ საკუთარი ძალებითა და სახსრებით დეზინფექციის სამუშაოები უკვე ჩაატარა, მაგრამ ახლა ისინი კომპანიებთან მუშაობენ, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, ხელშეკრულება კომპეტენტურ ორგანიზაციებთან გააფორმონ”, – ამბობს რესურსცენტრის უფროსი ტერეზა ჩივჩიანი.