1-ლი მარტს, საღამოს, ერევანში ორი მიტინგი გაიმართა. რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერი აქცია მოეწყო, ხოლო ბაგრამიანის გამზირზე ეროვნული შეკრების შენობის წინ- «სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის» მიტინგი – ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.
ერევნის რესპუბლიკის მოედანზე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 2021 წლის ოქტომბერში ახალი კონსტიტუციის, ან შესწორებების შეტანაზე რეფერენდუმის იდეა წამოაყენა.
მან აღნიშნა, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა მმართველობის ნახევრად საპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლა. მისი გამოსვლის ძირითადი თეზისები:
– შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ონიკ გასპარიანი თანამდებობას დატოვებს, დანარჩენი სამხედროები განაგრძობენ მსახურებას;
– საპარლამენტო ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ მემორანდუმს ხელს აწერს;
– ტარდება არჩევნები;
– 2021 წლის ოქტომბერში განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები და მმართველობის ნახევრად საპრეზიდენტო ფორმაზე დაბრუნების შესახებ რეფერენდუმი.
ბაგრამიანის გამზირზე გამართულ მიტინგზე «სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის» წარმომადგენლებმა საკუთარ გამოსვლებში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერი მიტინგის ორგანიზებისთვის გამოყენებული იყო ადმინისტრაციული რესურსი. მოძრაობის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ამოქმედდება ადმინისტრაციული რესურსი, მათი თქმით, ფაშინიანის დროს სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.
მიტინგის დროს ოპოზიციონერებმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს განცხადებაზეც ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ბოლოს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეს «სამხედრო გადატრიალების მცდელობად» შეაფასა.
ოპოზიციის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის ექსმინისტრი სეირან ოჰანიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, იური ხაჩატუროვი. მან არმიის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.
«ამ მიტინგში ვმონაწილეობთ ჩვენ, გენერალური შტაბის სამი ყოფილი უფროსი: მე, გენერალ-პოლკოვნიკი იური ხაჩატუროვი და გენერალ-პოლკოვნიკი მოვსეს აკოპიანი. ჩვენთვის დიდი პატივია ხალხთან დგომა, ჩვენი უზენაესი მეთაური თქვენ ხართ. სომხური არმიის ქმედებას გადატრიალებას მხოლოდ ორი ადამიანი უწოდებს, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ერთი – ერდოგანი, მეორე – ნიკოლ ფაშინიანი. ორივემ განაცხადა, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა. ეს არ არის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. არმია ჩვენი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ხელშეუხებლობის გარანტია. განა არმია, როგორც ლეგიტიმური სტრუქტურა, უნდა იდგეს და უყურებდეს, ჩვენი მიწა ნაწილებად როგორ გადაეცემა აზერბაიჯანს? არა, არმია სწორად მოიქცა»,- თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
ოჰანიანმა დაამატა, რომ პრემიერ-მინისტრს არ აქვს არმიის მეთაურობის სამსახურიდან გაშვების, მისი გაკონტროლების უფლება.
«მართალია, ამბობენ, რომ არმიამ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვას, მათ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი გამოიჩინეს, ამ მიტინგებში ისინი არ არიან ჩართულნი, მაგრამ ისინი საკუთარ აზრს გამოხატავენ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, მათ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვთ»,- განაცხადა სეირან ოჰანიანმა.
მოძრაობის კოორდინატორმა იშხან საგატელიანმა განაცხადა, რომ ბაგრამიანის გამზირი ფაშინიანის გადადგომის ბრძოლაში ოპოზიციისთვის «სანგარი» ხდება, ამიტომ მოსახლეობას საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ. მან განაცხადა, რომ შემდეგი მიტინგი ოთხშაბათს 16:00 საათზე გაიმართება, როცა ფაშინიანი კანონის შესაბამისად ბაგრამიანის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში უნდა შევიდეს სამთავრობო საათში მონაწილეობისთვის.