შარშან, მარტიდან ახალქალაქში ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. ახალქალაქელების ისედაც მოსაწყენმა და ერთფეროვანმა დილამ პანდემიასთან ერთად ფერები დაკარგა.
კორონავირუსის გამო, თავიდან დაიკეტა საზღვრები, შემდეგ- სახელმწიფო დაწესებულებები, სავაჭრო ობიექტები, შემდეგ, აიკრძალა ხალხმრავალი ქორწილები და დაკრძალვები.
ქორწილი ეს არის მოვლენა, რისთვისაც ახალქალაქში დიდი ხნით ადრე ემზადებიან და ფულს ხარჯავენ დაუნანებლად. პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. ახალქალაქის “სურბ ხაჩ” ეკლესიაში 2020 წელს 90 წყვილმა დაიწერა ჯვარი, ხოლო 2021 წელს მხოლოდ ორმა. კორონავირუსის გამო, შეზღუდვებმა შვილის ქორწილზე ონლაინ მონაწილეობა ბევრ მშობელს აიძულა… ყველაზე შემოსავლიანი “ქორწილის ბიზნესი” ჩაქრა, ბევრი სამუშაოს გარეშე დატოვა.
როცა მშობელი ქორწილს ვერ ესწრება
საზღვრების დაკეტვის გამო, ერთ წელიწადში ბევრმა მშობელმა ვერ მოახერხა საკუთარი შვილის ქორწილში მონაწილეობა. ეს ძალიან დიდი სტრესია, როგორც მშობლებისთვის, ასევე, მათი შვილებისთვის, რომლებსაც ყველაზე ბედნიერ დღეს მარტოობის შეგრძნება არ სტოვებდათ.
გოარი ქმართან ერთად ახალქალაქში ცხოვრობს. შვილები დიდი ხანია ერევანში გადავიდნენ და იქ ცხოვრობენ. 2020 წლის აპრილში მათი ბიჭის ქორწილი უნდა ყოფილიყო. თუმცა, კორონავირუსმა მშობლების გეგმებში კორექტივები შეიტანა, რომლებიც დიდ, ტრადიციულ ქორწილზე ოცნებობდნენ.
თავიდან ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ღონისძიება იმის იმედით გადაჰქონდათ, რომ პანდემია ჩაივლიდა და საზღვრები გაიხსნებოდა. შემოდგომით ქორწილი მაინც გაიმართა, თუმცა დაპატიჟებულმა სტუმრებმა ახალქალაქიდან, რუსეთიდან და საზღვარგარეთიდან ვერ მოახერხეს ერევანში ჩასვლა. შვილის ქორწილზე, ვერც მშობლები ჩავიდნენ. ისინი დღესასწაულს ტელეფონით ადევნებდნენ თვალს, პირდაპირი ეთერით ან მესენჯერის საშუალებით.
ამალია ისევე, როგორც გოარი უფროსი გოგოს ქორწილზე არ ყოფილა. ის სანათესაოსთან ერთად ხმაურიან, დიდ, სომხურ ქორწილზე ოცნებობდა და გეგმავდა. პანდემია აქაც ჩაერია. კრასნოდარში ჯვრისწერაზე გოგონა ახლობლების გარეშე დარჩა. ხოლო მშობლები ცრემლიანი თვალებით ცერემონიას ეკრანით ადევნებდნენ თვალს.
ახალქალაქში უმცროსი გოგოს ქორწილში ამალია მონაწილეობდა. იქ ბევრი ნათესავი არ იყო, არ იყო, არც დიდი საქორწილო თეთრი კაბა, არც დოლი და ზურნა, არც ხალხური სიმღერები, არც 200-300-კაციანი ქორწილი…
შეზღუდვებმა საქორწილო ბიზნესი “გაანადგურა”
ახალქალაქში 6 საბანკეტო დარბაზია. იქ იშლება, როგორც მოსახსენიებელი სუფრა, ასევე ტარდება ხმაურიანი საქორწილო ცერემონია, ჯვრისწერა, ქორწილის მეორე დღე (როცა მოყვრებს სასადილოდ ეპატიჟებიან). ქორწილის დროს დარბაზის ქირის მინიმალური ფასი – 1000 ლარი. ხოლო თუკი დარბაზთან ერთად მომსახურების ორგანიზებას ითხოვენ, თითოეული სკამისთვის მინიმუმ 50 ლარს იხდიან, კერძების მრავალფეროვნების გათვალისწინებით.
საზღვარგარეთ სეზონური სამუშაოებიდან გამომდინარე, საქორწილო სეზონი აქ მაშინ იწყება, როცა უცხოეთში სამუშაოდ წასულები უკან ბრუნდებიან. ეს სეზონი ახალქალაქში დეკემბერ -აპრილში უწევს, ხოლო სეზონის პიკი იანვარ – თებერვალია. ხშირად პიკის დროს შეუძლებელია საქორწინო დარბაზების ნახვა, ხალხი რიგში დგას.
2020 წლის იანვარ-თებერვალში, ჯერ კიდევ შეზღუდვების დაწესებამდე, შარშან ქორწილების უმეტესობის ჩატარება მოასწრეს, ამიტომ “საქორწინო ბიზნესმა” შეზღუდვების სრული სიმძიმე უკვე 2021 წელს იგრძნო.
მნაცაკან ოვანესიანი ახალქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბანკეტო დარბაზის მფლობელია. იმისთვის, რომ ყოველ სეზონზე ბევრი მსურველი ჰყავდეს, მნაცაკანი მუდმივად აკეთებს რემონტს, ამატებს რამე ახალს, ასევე, მუდმივად ფიქრობს სხვა სიახლეებზე. მისი ბიზნესი უკვე ერთი წელია არ მოქმედებს. შემოსავალი არ შემოაქვს, არც საბანკეტო დარბაზს, არც სასტუმროს, არ არიან ტურისტები და მივლინებებით არ მოდიან.
ოდესღაც ხმაურიანი და მხიარული ატმოსფერო, სამუშაო არეულობა, მტვრით დაიფარა. ეკონომიის მიზნით გათბობის სისტემა გამორთულია. თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება მოუწიათ. მნაცაკან ოვანისიანის თქმით, ეს ყველაზე სამწუხაროა, ხალხი, ვინც ოჯახებს არჩენდა, უმუშევარი დარჩა.
«აი აქ 33 ადამიანი ოჯახის რჩენისათვის მუშაობდა – ის ხალხი, რომლებიც ჭურჭელს რეცხავდნენ, მუსიკოსები – ხუთი ადამიანი, ტექნიკური მომუშავეები, დაახლოებით ოთხი ადამიანი მზარეული. შემდეგ ოფიციანტები, ვიდეოოპერატორები და სხვები, ეს ყველა უმუშევარი დარჩა. მაგრამ რას ვიზამთ, ხელისუფლება რთულ მდგომარეობაშია. რაც კეთდება, მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად კეთდება»…
მას შემდეგ, რაც ქორწილების და სხვა ღონისძიებების ღია სივრცეში ჩატარება გახდა შესაძლებელი, მნაცაკანი მიმდებარე ტერიტორიის მოწყობაზე დაფიქრდა, მაგრამ ამ პირობებში – ნულოვანი შემოსავლით, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.
მნაცაკანი თვლის, რომ ხალხმრავალი ღონისძიებების მთლიანად შეზღუდვას აზრი არ ჰქონდა. უფრო ეფექტიანი იქნებოდა ნება დაერთოთ, მაგრამ, რაოდენობა შეეზღუდათ, თორემ გამოდის, რომ აკრძალვა ვირუსის “კომფორტულ” გავრცელებას უწყობს ხელს.
«ჩვენ მთის ხალხი ვართ, რომელიც ტრადიციებს იცავს. ჩვენ ქელეხი ამ პირობებშიც კი უნდა გავაკეთოთ. დარბაზებიდან მაგიდები და სკამები მიაქვთ და სახლებში მჭიდროდ სვამენ 80-90 ადამიანს. ასე ვირუსის გავრცელების საშიშროება უფრო მეტია – ეს უფრო სახიფათოა. ხოლო დიდ დარბაზებში შესაძლებელია სოციალური დისტანციის დაცვა, თუკი 100 ადამიანს დასვამ, რადგან 200-250 ადამიანის ადგილი არის”, – ამბობს ის.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ 33 ადამიანი დარჩა უმუშევარი მხოლოდ მნაცაკანის დარბაზის დაკეტვით, და ახალქალაქში 6 დარბაზია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 200 ადამიანი უმუშევარია. ამასთანავე ეს მხოლოდ ქალაქ ახალქალაქში, ხოლო კიდევ, რამდენი ადამიანი მუშაობს სოფლებში ქორწილების მომსახურების სერვისში, რთულად გასარკვევია.
სოფელ ბალხოდან გრიგორ სარგსიანი – მუსიკოსია, ის ოჯახს ქორწილებში ნამუშევარი თანხით არჩენს, კლავიშებიან ინსტრუმენტებზე უკრავს, ახლა კი, როგორმე საზღვარგარეთ სამუშაოთ წასვლას ცდილობს.
«ჩვენ არსებობის შესაძლებლობა არ დაგვრჩა. ერთადერთი შემოსავალი იყო, დარკძალვებზე დაკვრა, ქორწილები არ არის. პანდემიამდე მე კლავიშებიან ინსტრუმენტებზე ვუკრავდი. შემოსავალი ამ საქმიანობიდან საშუალებას გვაძლევდა, რომ ოჯახს კარგად ეცხოვრა. ახლა ეს შემოსავალი არ არის. ახლა რუსეთში მინდა სამუშაოდ წასვლა»,- ამბობს მუსიკოსი.
ოდესღაც, ქორწილების სეზონზე, საქორწინო კაბები, მზითების ყუთები, «ტაროსიკები» (პატარა სუვენირი, რომელსაც ახალგაზრდებს ურიგებენ, რომ მათაც იპოვონ მეორე ნახევარი) და სხვა დეკორაციები საქორწილო სალონებისთვის ყველაზე შემოსავლიანი იყო. ზოგიერთი ბიზნესს აფართოებდა, ამ ყველაფერს ემატებოდა სილამაზის სალონი და ვიზაჟისტი. თუმცა, ახლა საქორწინო კაბები ეზოებში კიდია, პატარძლები ამ პირობებში, მოკრძალებულად ჩაცმას ამჯობინებენ.
მარინა ხოდიკიანი ქორწილების სეზონისთვის მუდამ წინასწარ ემზადებოდა. ბიზნესის განსავითარებლად ახალი საქორწინო კაბები და სხვადასხვა საქორწინო ატრიბუტები უცხოეთიდანაც ჩამოჰქონდა კლიენტების გემოვნების მიხედვით. კორონავირუსის გავრცელების გამო, მარინას ბიზნესი, არც ისე მომგებიანი გახდა. ხალხს ფული არ აქვს, რადგან საზღვრების დაკეტვის გამო, შემოსავალი არ არის და ყველაზე მთავარი, არ არის შესაბამისი განწყობა.
“ქორწილი არ არის, მხოლოდ ტიარნენდარაჩი (დღესასწაული, რომელსაც ახალად დაქორწინებულების ოჯახები აღნიშნავენ) ან ჯვრისწერა შეიძლება იყოს შემოსავლიანი. ნებისმიერ შემთხვევაში ხალხი ქორწინდება, მართალია ქორწილებს არ იხდიან, მაგრამ ჯვარს იწერენ. აი, ასე ვმუშაობთ. ყველაფერი ძალიან რთულადაა. საქორწინო კაბებს არ იღებენ, 1000-ში ერთი შემთხვევაა, როცა ტრადიციულ ქორწილს აღნიშნავენ. როცა სახლში აღნიშნავენ, სხვა ფერის, ან თეთრ კაბას იცვამენ, მაგრამ უფრო მოკრძალებულს. კაბებს ძირითადად მკერავებს აკერინებენ. СOVID-მა ნეგატიური კუთხით ძლიერად იმოქმედა ჩვენს ბიზნესზე. ზარალი გვაქვს»,- ყვება მარინა ხოდიაკიანი.
მართალია კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, შარშან, სილამაზის სალონები დაიკეტა, მაგრამ ძლიერად შეცვალა მომუშავეების ცხოვრება და შემოსავლები. ყოველ წელს, ქორწილების სეზონზე სტილისტების, ვიზაჟისტების და სალონის სხვა მომუშავეების სამუშაო დილის 6 საათზე იწყებოდა, ან უფრო ადრეც. მათ ძალიან ადრე უნდა დაეწყოთ, რადგან პატარძლის სილამაზე ყველაზე მნიშვნელოვანია, ბევრ დროს და მეტ თანხას მოითხოვს. ამასთანავე პატარძლის შემდეგ, რიგში მთელი სანათესაო იდგა. ახლა სტილისტები და სხვა პერსონალი სახლში არიან, მათთან წინასწარ რეკავენ და უთანხმდებიან.
სოფია ბიჩახჩიანის სალონი მართალია შეზღუდვების გარეშე მუშაობს, მაგრამ შემოსავალი 50%-ით შეუმცირდა.
«თუკი ადრე რამდენიმე პატარძალი გვყავდა, ვარცხნილობები, რომლებიც 20-დან 50 ლარამდე ღირდა, ახლა ჩვენი სტილისტები 7-10 ლარად, რამდენიმე ვარცხნილობას აკეთებენ. იგივე არის მაკიაჟთან დაკავშირებით, ერთი მაკიაჟი 30 ლარი ღირდა. ამას პლუს პატარძლებთან ერთად სანათესაო მოდიოდა. წლეულს სულ 1-2 პატარძალი გვყავდა, სახლის პირობებში მაკიაჟს არ იკეთებენ», – ამბობს სოფია ბიჩახჩიანი, სალონ «ამალის» მფლობელი და ვიზაჟისტი.
ქორწილებს შეზღუდვების გამო, აღარ იხდიან, თუმცა მიხვდნენ, რომ შეიძლება ჯერ კიდევ დიდხანს ვერ გადაიხადონ 300-კაციანი ქორწილი, ამიტომ ახლგაზრდები სახლის პირობებში ქორწინდებიან. ზოგიერთი ეკლესიაში იწერს ჯვარს, ხოლო ზოგს, სადღესასწაულო განწყობა არ აქვს, ამიტომ ჯვრისწერა მომავლისთვის გადააქვთ.
ახალქალაქში, “სურბ ხაჩ” ეკლესიის მღვდლის, ტერ ნარეკ ტიგრანიანის თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით ჯვრისწერაზე ახლა დილის საათებში მიდიან, რომ კომენდატის საათამდე მოასწრონ აღნიშვნა.
«მე ვიცი, რომ ბევრი წყვილი ეკლესიაში ჯვრის დასაწერად არ მოვიდა. ძალიან ბევრმა პატარძალი უბრალოდ სახლში წაიყვანა. შემცირდა სტუმრების, ნათესავების რაოდენობა, რომლებიც წყვილთან ერთად ტაძარში ჯვრისწერაზე მოდიოდნენ. შარშან, (იანვარ-თებერვალში) სადღაც 90 წყვილმა დაიწერა ჯვარი, აქამდე მეტად ბევრი იყო. თუკი შეზღუდვები გაგრძელდება, წელს უფრო ნაკლები იქნება. სულ 2 ჯვრისწერა იყო»,-ამბობს ის.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში და შემოდგომით ძირითადად ნაკლები ჯვრისწერა იყო, წლეულს, არც ერთი არ ყოფილა. არც დეკემბერში იყო.
ახალქალაქში ზოგი ხუმრობს, – იქნებ კორონავირუსმა მოსახლეობას მოკრძალებული ქორწილების გადახდა ასწავლოს, რომ სხვადასხვა ძვირადღირებულ ატრიბუტებზე არ დაიხარჯონო. თუმცა ტერ ნარეკი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი საქორწინო ტრადიციებზე ვერ იმოქმედებს, როცა შეზღუდვებს მოხსნიან, ყველაფერი ძველებურად იქნება.