ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, ჩვენ ვარიგებთ და ვანიავებთ მიწებს, პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს, ეს უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან შედგება დიალოგი და აღნიშნა, რომ ქვეყნები მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას, შეძლებენ მოლაპარაკებასა და საერთო ენის გამონახვას.
„დავით გარეჯი არის თვალსაჩინო მაგალითი ღალატის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების, სააკაშვილის მიერ, უშუალოდ მის მიერ. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი ილჰამ ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში შედგება, იმის მიხედვით, როგორ საშუალებას მოგვცემს კოვიდსიტუაცია. ჩვენ გვექნება დიალოგი ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან. მჯერა, რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე და ჩვენ მივიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებას, შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას, ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება.
ის სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც ამ საქმესთან მიმართებაში აწარმოებენ, რა თქმა უნდა, თვალსაჩინო, კლასიკური მაგალითია, რომ თურმე დავით გარეჯის საქმე არის მოგონილი საქმე, ამ დროს თავად, ეს შემსრულებლები ვინც არიან, თავად აღიარეს მათ, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რაც პირდაპირი ღალატი არის, აბა, რა არის ეს. რომელი სახელმწიფო, რომელი თავმოყვარე ერი შეიწყნარებს ასეთ დამოკიდებულებას? რომელ ქვეყანაში წარმოგიდგენიათ თქვენ ეს? ევროპა დამისახელეთ, არა ევროპა, აფრიკაში ნებისმიერი სახელმწიფო. ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, თითო სანტიმეტრ მიწას, ჩვენ რა გვჭირს? რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს. ასე არ შეიძლება, მეგობრებო, ეს უნდა დასრულდეს, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ეს პროცესი იყო და იყო უდიდესი ნაღმი ჩადებული იმისთვის, რომ გაუგებრობა ჩამოვარდნილიყო აზერბაიჯანთან. ეს ასე რომ გაგრძელებულიყო, ამას ხომ ვერ დამალავდნენ, ამას ხომ გაიგებდა საზოგადოება, ამაზე საუბრობდა ჩვენი ეკლესია. საუბრობდა, რომ არასწორი ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ კომისიის მიერ 2012-წლამდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.