საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანს თბილისის, ორბელიანის სასახლეში შეხვდა. მანამდე, სომხეთის პრემიერმა ყვავილებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა და პაშინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სომხეთის პრემიერის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის შემდგომი თანამშრომლობის გამყარებას.
“ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაზე და მშვიდობის გამყარებაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი საქართველოს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, სადაც პაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა გმირთა მოედანზე, სადაც პატივი მიაგო საქართველოს ერითიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
ნიკოლ პაშინიანმა ყვავილების გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი, რა დროსაც შესრულდა საქართველოსა და სომხეთის ჰიმნები. ცერემონიალში მონაწილეობდა საპატიო ყარაული.