ერევანში დღეს, ყარაბაღის მოძრაობის 33 წლისთავზე, მოძრაობამ – “სამშობლოს გადარჩენა”, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საერთო ეროვნული მიტინგი გამართა.
17 პოლიტიკური ძალის მოთხოვნა უცვლელია – პრემიერ-მინისტრის გადადგომა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მოძრაობის მხრიდან, ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანი უნდა გახდეს ის ადგილი, სადაც ხალხი შეიკრიბება და სამომავლო ქმედებებს დასახავს.
დღევანდელ გამოსვლაში ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ ახლანდელი ხელისუფლება სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ყოფილი დეპუტატის, კარენ ბეკარიანის სახით, ქვეყნის ერთგულ ადამიანებს აპატიმრებს.
“განა ასეთ სახელმწიფოში გვინდოდა ცხოვრება?”,- რიტორიკული კითხვით მიმართა მან საზოგადოებას. ასევე, შეეხო ეკონომიკას და აღნიშნა, რომ კორუფცია არ აღმოფხვრილა.
“იბადება კითხვა – შევძლებთ თუ არა ამ სიტუაციიდან გამოსვლას? დიახ, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, ძლიერები ვართ, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად არის წინაპირობა: ეს პრემიერი და მისი გუნდი უნდა გავაგდოთ, ამის შემდეგ, დაიწყება რეალური ნაბიჯები, რომელთა წამოწყებაც საჭიროა”,- თქვა მანუკიანმა.
მისი თქმით, არმია სწრაფად უნდა აღდგეს, სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ხოლო უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს არა რუსეთის, არამედ სომხეთის ჯარმა.
რაც შეეხება სამომავლო ქმედებებს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად აუცილებელია ყოველდღიური მუშაობა: მთელ სომხეთში უნდა შეიქმნას კომიტეტები , დაიწყოს გაფიცვები და დემონსტრაციები.
“ძალოვანი სტრუქტურები უნდა დავარწმუნოთ, რომ უკან დასახევი ადგილი დაიტოვონ. ეროვნულ შეკრებაში ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებთან უნდა ვიმუშაოთ. მაგრამ არის გეგმა ბ, ჩვენ უნდა ავჯანყდეთ და ხელისუფლების ელვისებური დაპყრობისათვის ვიყოთ მზად”, – განაცხადა ვაზგენ მანუკიანმა.
მიტინგის დასრულების შემდეგ, ოპოზიციურმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ოთხი მიმართულებით იმოძრავებენ და ახლა, რამდენიმე ქუჩაა დაბლოკილი.
სომხურმა პრესამ გვაცნობა, რომ სომხეთის მეორე და მესამე პრეზიდენტები, სერჟ სარგსიანი და რობერტ ქოჩარიანი შეხვდნენ “სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის” წარმომადგენლებს, არტურ ვანეციანს, იშხან საგატელიანს, გაგიკ წარუკიანს და ვაზგენ მანუკიანს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოძრაობის სტრატეგია შეიცვლება, არ არის გამორიცხული, რომ მოძრაობას მეორე პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი ჩაუდგეს სათავეში. ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის ერთობლივ კანდიდატად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვაზგენ მანუკიანი დაასახელა.