დღეს, 16 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორს, ავეტიკ ტონაკანიანს შეხვდნენ. ზოგ დაწესებულებაში მომუშავეთათვის კორონავირუსის უფასო ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებული ვითარება განიხილეს.
ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, ისინი კორონავირუსზე უფასო ტესტს უკეთებენ პედაგოგებს, ტაქსისტებს, სამედიცინო მუშაკებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს, დარაჯებს, ტანსაცმლის ბაზრობის მომუშავეებს და ეკლესიის მსახურებს. ამ ადამიანებმა ყოველ 14 დღეში უნდა გაიკეთონ ტესტი.
ავეტიკ ტონაკანიანის თქმით, ზოგიერთი სკოლის პედაგოგი უპასუხისმგებლოდ იქცევა და მათთვის დანიშნულ დროს არ ცხადდებიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში, რის გამოც ცენტრს მუშაობაში ხელს უშლიან და არეულობას ქმნიან.
წლის დასაწყისიდან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ანტისხეულებზე დაახლოებით 1300 სწრაფი ტესტი და დაახლოებით 500 PCR ტესტი გააკეთა. მიმდინარე წელს კი, ტონაკანიანის თქმით, მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.
სტუდენტებისთვის უფასო PCR ტესტების გაკეთებასთან დაკავშირებით ავეტიკ ტონაკანიანმა განმარტა, რომ მათ უფლება არ აქვთ ეს ტესტი უფასოდ გააკეთონ. ტესტები აქვთ, მაგრამ ფასიანია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში ადამიანების ზემოაღნიშნული კატეგორიების გარდა ანტისხეულებზე უფასო ტესტებს აკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ექიმის დანიშნულება აქვს.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში დღის პირველ ნახევარში იღებენ ტესტებს, PCR-ტესტებზე პასუხის გაგება შეიძლება ორი დღის შემდეგ, ხოლო ანტისხეულებზე ტესტის შედეგის გაგება 20-30 წუთის შემდეგ.