სოფელ ბავრაში, ხოსპიოში და ხორენიაში ახალქალაქის მერის წარმომადგენელს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. სოფლის მოსახლეობა მას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს და მოითხოვენ, რომ ვალენტინ გარსლიანი თანამდებობაზე დარჩეს, მაგრამ ახალქალაქის მერი მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. JNEWS-ი შეეცადა გარკვევას, რამდენად უკავშირდება ეს საკადრო ცვლილება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სოფელ ბავრაში მმართველი პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატის დამარცხებას და დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვებას.
სოფელ ბავრას მცხოვრების, იაგორ კაზარიანის თქმით, თუკი მათი სოფლის ხელმძღვანელს არ დატოვებენ თანამდებობაზე, ეს 90%-ით უკავშირდება იმას, რომ ბავრაში ოქტომბრის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” წააგო.
“მხოლოდ მე არა, მთელი სოფელი ფიქრობს, რომ თუკი მას მოხსნიან, ეს იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” ჩვენს სოფელში დამარცხდა. მე დემონსტრაციაში, არც მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მითხრეს, რომ დემონსტრაციის დროს იყო ადამიანი, რომელმაც ჩვენებს ჰკითხა, როგორ მოხდა ეს, რომ ჩვენ სოფელში ვერ გავიმარჯვეთ. საქმე ავტომატურად ამ მიმართულებით მიმდინარეობს. მარტო მე არა, ჩვენი სოფლის მოსახლეობის 90% ფიქრობს, რომ თუკი ვალენტინს გაათავისუფლებენ, ეს ჩვენს სოფელში “ქართული ოცნების” დამარცხებასთან იქნება დაკავშირებული. სიმართლე გითხრათ, სოფელში ყველას უნდა, რომ ვალენტინი ამ თანამდებობაზე დარჩეს. მათ რომ არ ნდომებოდათ, მიტინგზე არ მოვიდოდნენ. ბევრმა არ იცოდა მიტინგის შესახებ, თორემ შეუერთდებოდნენ”, – ამბობს იაგორ კაზარიანი.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრას მოსახლეობა მერიის შენობასთან შეიკრიბა. მათ სოფელ ბავრაში, ხოსპიოში და ხორენიაში ახალქალაქის მერის წარმომადგენელის, ვალენტინ გარსლიანის მიმართ მხარდაჭერას გამოხატეს.
ბავრის მოსახლეობა მერს მისი წარმომადგენლის საკუთარ პოზიციაზე დატოვებას სთხოვს. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ვალენტინ გარსლიანი სოფლის კარგი ხელმძღვანელია, ამ თანამდებობაზე სხვას ვერავის ხედავენ.
“ყველა საქმეში ის სოფლისთვის კარგი იყო, ის მუდამ ხალხის მხარეს იყო”, – ამბობს ჯივან პეტროსიანი.
“ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, გვინდა, რომ ის დარჩეს. მას შემდეგ, რაც სოფლის უფლებამოსილი პირი გახდა, მერე მივხვდით რისთვის არის ეს თანამდებობა. სხვა კანდიდატს ამ თანამდებობაზე ვერ ვხედავთ და სხვა კანდიდატი ამ თანამდებობაზე არ არის”, – ამბობს სერგეი შირინიანი.
ვალენტინ გარსლიანი ზემოაღნიშნულ სამ სოფელში 2018 წელს დაინიშნა ახალქალაქის მერის წარმომადგენლად. მის კონტრაქტს ვადა 2020 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა.
“დღესდღეობით პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან დემონსტრაციის ორგანიზატორი სოფლის მოსახლეობა, ძირითადად ახალგაზრდობა იყო, მე საერთოდ არაფერი ვიცოდი, დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა. ისინი დეპუტატს, სამველ მანუკიანს შეხვდნენ. საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. დეპუტატმა თქვა, რომ საქმეს განიხილავენ, რადგან მთელ სოფელს სოფლის ხელმძღვანელად ვალენტინ გარსლიანი სურს”, – ამბობს ვალენტის გარსლიანი.
კითხვაზე, მისი თანამდებობიდან გაშვება, რამდენად უკავშირდება იმას, რომ პარტია «ქართულმა ოცნებამ» საპარლამენტო არჩევნებში სოფელ ბავრაში წააგო და აქ დამოუკიდებელმა კანდიდატმა ენზელ მკოიანმა გაიმარჯვა, ვალენტინ გარსლიანმა განაცხადა: თქვენს შეკითხვას ვერ ვუპასუხებ, ეს მართალია, რომ ბოლო არჩევნები წავაგეთ. მე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, სახელმწიფოს ინტერესებს ვიცავდი. საქმე იმაშია, რომ 8 ხმით წავაგეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, არის, თუ არა ეს საბაბი, ამას ხელისუფლება გადაწყვეტს. მაგრამ დღეს მთელი სოფელი, მათ შორის, ახალგაზრდები ჩემს გარდა ვერავის ხედავენ ამ თანამდებობაზე, რადგან სოფლის მოსახლეობასთან მუშაობა და მათი პრობლემების მოსმენა მხოლოდ მე შემიძლია”.
როგორც ახალქალაქის მერმა, იურიკ უნანიანმა გვაცნობა, მერიის ყველა თანამშრომელთან ფორმდება კონტრაქტი, სამ სოფელში მერის წარმომადგენლებთან კონტრაქტი ჯერ არ არის ხელმოწერილი.
“არა მხოლოდ მასთან, ბევრი ადამიანია, რომლებთანაც კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მოგვიწერია. ჩვენ სოფლებში სპეციალისტები გვყავს, ის სოფელ ხორენიაში, ხოსპიოში და ბავრაში ჩემი წარმომადგენელი იყო. წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით ვნახავთ, რა გაკეთდა. ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერი არ არის გადაწყვეტილი, მე მისი კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მომიწერია. არ ვჩქარობთ, სხვა კანდიდატი ჯერ არ არის, თუკი მას ჩავანაცვლებთ, ცუდი კარგით უნდა ჩავანაცვლოთ და არა პირიქით”, – აცხადებს მერი იურიკ უნანიანი.
სოფელ ბავრას ცენტრში შეკრებილები ირწმუნებიან, რომ ბრძოლას განაგრძობენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ვალენტინ გარსლიანი აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩეს.