დღეიდან, 2 მარტიდან, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არდადეგები სკოლებსა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დაიწყო. არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატრიანის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დაიწყო.

«ამჟამად სადეზინფექციო სამუშაოებს საბავშვო ბაღების თანამშრომლები ატარებენ, ხოლო შემდეგ სახელმწიფოც ჩაატარებს»,- ამბობს ის.

სწავლა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში 16 მარტს განახლდება.

29 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.

სხდომაზე კოორდინირებულ რეჟიმში, მიღებულია გადაწყვეტილება, პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ. იმისათვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისათვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საბავშვო ბაღებში.