ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 631 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 057-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.63%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 566 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 254 916-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 213, ხოლო აჭარაში – 119.

სულ 6 ოქტომბრიდან – 8 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 683 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 685 პირი, აჭარაში – 723, იმერეთში – 1 389”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.