ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიაში არ არის ბუნებრივი აირი, ნორმალური გზა და საბავშვო ბაღი. მოსახლეობას კარტოფილისა და მარცვლეულის დასათესად საკმარისი მიწა არ აქვს. აქედან თურქეთში სამუშაოდ ძირითადად ქალები მიდიან.

სოფელ აფნიაში 15-20 ოჯახია. ძირითადად ეს ემიგრანტებია აჭარიდან, რომლებიც აქ 1989 წელს გადმოსახლდნენ. მოსახლეობის თქმით, სოფელში ძირძველი მკვიდრი მხოლოდ 3 ადამიანია დარჩენილი.

მოსახლეობა ჩივის იმას, რომ სოფელი დაცარიელდა. შესახლებულ სახლებზე ბევრად მეტი დაკეტილი და მიტოვებული სახლიებია. უკეთესი ცხოვრების ძიებაში ადამიანები სოფელს სტოვენ. აქ ყველასაგან განცალკევებულად ცხოვრობენ. ძირითადად სოფლის მეურნეობითა და მესაქონლეობით არიან დაკავებული. თესენ კარტოფილს და მარცვლეულს.

მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, სოფელი აფნიის მოსახლეობა, რუსეთში საშოვარზე არ მიდის. ზოგიერთი ამისათვის თურქეთში დადის და იქ სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს. თურქეთში უმეტესად ჩაის კრეფით არიან დაკავებული. სამუშაოდ ძირითადად ქალები დადიან, რაც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მიუღებელია.

«ყოველ წელს თურქეთში ჩაის მოსაკრეფად გადავდივართ, ანაზღაურება მოკრეფილი ჩაის რაოდენობაზეა დამოკიდებული»,- ამბობს სოფლის მცხოვრები, ნანა კოჩალიძე.

სოფელ აფნიაში გავლისას, ჩვენ ბევრ ადამიანს არ შევხვდით. შეგვხვდა მხოლოდ 4 მაცხოვრებელი და 3 მათგანი გვარად კოჩალიძე იყო.

სოფლის მაცხოვრებლის, ნათელა კოჩალიძის თქმით, სოფლიდან ყველა გადადის. ახალგაზრდები ქალაქში ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას, რადგან აქ სათანადო პირობები არ არის.

«ბოლო პერიოდში სოფლიდან საქართველოს სხვა ქალაქებში საცხოვრებლად ბევრი გადავიდა, აქედან ძირითადად ბათუმში მიდიან»,- ამბობს ის.

სოფლის მოსახლეობის მტკიცებით, ორი წლის წინ სოფელში ახალი სკოლა ააშენეს, თუმცა მოსწავლე ცოტაა. სკოლაში სულ 4 მოსწავლე სწავლობს.

Apniya 1

სოფლის მოსახლეობის მტკიცებით, მათ კიდევ ერთი საკითხი აწუხებთ. მათი საცხოვრებელი სახლები და მიწები მათ არ ეკუთვნით, მათი პრივატიზება არ შეუძლიათ.

«ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს, ჩვენ მათ მხოლოდ არჩევნების დროს ვჭირდებით»,- ამბობს სოფლის სხვა მაცხოვრებელი.

მოსახლეობის თქმით, საკუთარი მიწები და საძოვრები რომ ჰქონოდათ, შესაძლებელი იქნებოდა როგორმე აქ ცხოვრება.

«მიწები ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის, დანარჩენზე შევძლებთ კიდევ თვალის დახუჭვას»,- ამბობს ნათელა კოჩალიძე.

ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეუძლიათ აფნიაში მიწებისა და სახლების პრივატიზება და რის გაკეთებას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული სოფლის განვითარებისათვის, ჩვენს მომდევნო მასალებში მოგაწვდით.