“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის რაიონის სხვადასხვა სოფელში ბევრი პროექტი განხორციელდა. წარმოგიდგენთ იმ სამუშაოებს, რომლებიც ახალქალაქის რაიონის სოფელ ალათუმანში ჩატარდა.

2015 წელს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში ახალქალაქისთვის 1 067 601 ლარი იყო გამოყოფილი, მათგან 14 000 ლარი გამოყოფილი იყო სოფელ ალათუმანისთვის. ამ თანხით სოფელში სასმელი წყლის გაყვანილობისთვის 1840 მეტრი სიგრძის მილი შეიძინეს.

2016 წელს ახალქალაქის რაიონისთვის 1,111,730 ლარი იყო გამოყოფილი, ხოლო სოფელ ალათუმანისთვის- 13 500 ლარი, რომელიც სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მოხმარდა.

2018 წელს, მერიამ სოფელ ალათუმანის სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 205 840 გამოყო. 2019 წელს – 25 000 ლარი, ხოლო 2020 წელს – 61 162 ლარი.

დღესდღეობით ალათუმანში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარებულია.

მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სპეციალისტმა, გარიკ გალივონჯიანმა შემდეგი რამ გვაცნობა: თავიდან ალატუმანში ბეჟანოდან მთების გავლით მიედინებოდა წყალი, მაგრამ წყალმა სიმაღლის გადალახვა ვერ მოახერხა, ამიტომ ახალი პროექტი განვახორციელეთ და წყალმა პრობლემის გარეშე მიაღწია სოფლამდე. დაიხარჯა დაახლოებით 70,000 ლარი. ვერ ვიტყვი, მანამდე, რამდენი იყო დახარჯული, იმ დროს არ ვმუშაობდი.

მისივე თქმით, “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამას სოფელ ალათუმანში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებასთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა.

“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში აშენდა სტადიონები, სამედიცინო პუნქტები და მედპუნქტებში კანალიზაცია”, – დასძინა გარიკ გალივონჯიანმა.

Alatuman jur

2019 წელს, “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქის რაიონისთვის გამოყოფილი იყო 922 000 ლარი, მათგან 16 000 ლარი – ალათუმანისთვის.

სოფლის მოსახლეობისა და სპეციალისტის გადაწყვეტილებით, აშენდა სამედიცინო ცენტრი.

“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა მხოლოდ ჩვენთვის არ არის, მაგრამ სხვა დანარჩენი სოფლებისთვისაც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. სახელმწიფომ გამოყო თანხა, მთავარია, რომ სოფლებმა ეს თანხა მიზანმიმართულად გამოიყენონ. მადლობელი ვართ, რომ მსგავსი პროგრამა არსებობს. პროგრამით ვისარგებლეთ, ხოლო ის, თუ რაზე დაიხარჯება გამოყოფილი სახსრები, ჩვენ მუდამ სოფლის მოსახლეობასთან ერთად ვწყვეტდით”, – ამბობს მაგბეტ ტონოიანი, სპეციალისტი სოფელ ალათუმანიდან.

სოფელში მედპუნქტი ორი წლის წინ აშენდა, მაგრამ დღემდე არ ფუნქციონირებს, რადგან არ არის, არც შესაბამისი მოწყობილობები, არც პერსონალი.

“როცა ეს მედპუნქტი ავაშენეთ, რაიონის ხელმძღვანელობა პერსონალით უზრუნველყოფას დაგვპირდა. ჩვენი სოფელი დიდია, რაიონული ცენტრიდან 25-26 კმ-ის დაშორებით, თუნდაც ერთი მომუშავე უნდა იყოს, რომელიც პირველად დახმარებას გაგვიწევს და აცრებს ჩაგვიტარებს. თორემ, რისთვის დავხარჯეთ ამდენი თანხა? გვითხრეს, – შენობა ააშენეთ, პერსონალი იქნებაო. უკვე მეორე წელია, მაგრამ თანამშრომლები არ ჩანან. განცხადება დავწერე მერიაში და ახალციხეში მთავარ ექიმს მივწერე, მაგრამ რეაგირება ჯერ არ არის”,- დაამატა ტონოიანმა.

რაც შეეხება 2020 წელს, ახალქალაქის რაიონისთვის გამოყოფილი იყო 922 000 ლარი, აქედან 14 000 ლარი – ალათუმანისთვის. სოფლის მოსახლეობასთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეს თანხა, მინი-სტადიონის აშენებაზე დაიხარჯება.

Alatuman mini marzadasht

აღსანიშნავია, რომ “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სახსრები ნებადართული არ არის დაიხარჯოს სასკოლო სამუშაოებზე, გაზსადენი მილის გაყვანაზე და სახელმწიფო დანიშნულების გზების რემონტზე.