საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის რეგულაციებზე ცვლილებები დაწესდა. საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში უარყოფითი PCR ტესტით შემოსვლისას შეუძლია აირჩიოს, 8 დღე თვითიზოლაციაში იყოს, თუ მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტაროს და თვითიზოლაციისაგან გათავისუფლდეს.
საკოორდინაციო საბჭოს წევრის, ნათია თურნავას თქმით, “1-ლი თებერვლიდან რეგულარული ფრენის აღდგენასთან ერთად საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები გარკვეულწილად შემსუბუქდება, კერძოდ, მათ ექნებათ არჩევნის საშუალება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით, ან ძველებურად, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი გაიკეთონ. ამ შემთხვევაში თავისუფლები იქნებიან თვითიზოლაციიდან. ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც არ ექნება ქვეყანაში შემოსვლისას ნეგატიური PCR ტესტი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად 8-დღიან თვითიზოლაციას გაივლიან”.