საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. ჯგუფის შეხვედრის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდოს. ამის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.
პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებზე.
როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას გიორგი გახარიამ განაცხადა, ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სრულად აკონტროლებენ ვითარებას.
“მთავარია, რომ ჩვენ, ყველამ გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რის შესახებაც ინფორმაციას უკვე, რამდენიმე დღეა ვავრცელებთ ქართული მედიასაშუალებებით”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.
მისივე ინფორმაციით, აქტიურად მუშაობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც 28 იანვარს შეიქმნა და გახდა შესაძლებელი პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება ისე, რომ ამ შემთხვევას, ფაქტობრივად არ ჰქონია ქვეყნის მოქალაქეებთან არანაირი შეხება. ფაქტის ოპერატიულად აღმოჩენისთვის გახარიამ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა წარმომადგენელს, მესაზღვრეებსა და საბაჟოს თანამშრომლებს.
“მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება. პირველი ნაბიჯი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა, ამის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება ირანიდან ფრენების შეზღუდვაზე და ბოლოს, გუშინ, ჩვენ მივიღეთ სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება, მათ შორის, ირანის მიმართულებითაც. ეს ის ნაბიჯებია, რომელიც გვაძლევს გარანტიას ვმართოთ ძირითადი რესურსი. ჩვენი ძირითადი ცოდნა და ძირითადი კომპეტენცია არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორები, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, კორონავირუსით დაავადებული პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ამ დროისთვის ინფექციურში იმყოფება 10 პაციენტი, ამათგან 5 იტალიიდან – იტალიის 3 და საქართველოს 2 მოქალაქე, 5 ირანიდან – საქართველოს ერთი, 4 კი აზერბაიჯანის მოქალაქე.
“ამ დროისთვის საკმარისი ადგილები გვაქვს, რომ მაღალი რისკის ზონებიდან ჩამოსული მოქალაქეები კარანტინში მოვათავსოთ. ეს ლოკაციები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა ადგილას. საავადმყოფოები განთავსებულია ქუთაისში, ბათუმში და რამდენიმე – თბილისში. საქართველოს მოსახლეობას ვარწმუნებ, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არ არსებობს კორონავირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხე. ამ მიმართულებით მუშაობას 24 საათიან რეჟიმში კვლავ განვაგრძობთ”, – აცხადებს მინისტრი ტიკარაძე.
მთავრობის სხდომას დაესწრო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ინფექციის დაფიქსირების შემთხვევას ელოდნენ და შესაძლოა კიდევ იყოს შემთხვევები.
მისივე ინფორმაციით, მსოფლიოში დაავადებების შემთხვევების 81% მიმდინარეობს მსუბუქად და სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლებელია სერიოზული სამედიცინო ჩარევის გარეშეც, 14-15 %-ში არის მწვავე მდგომარეობა, რაც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას, ხოლო 5% კრიტიკულია, რაც საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას.
“ჩვენი ქვეყნის სამედიცინო ქსელის მზადყოფნა დაადასტურა მინისტრმა. გვაქვს, როგორც საკარანტინო სივრცეების რეზერვი, ისე შესაბამისი პროფილური საავადმყოფოების, სადაც არსებობს ყველა საშუალება იმისა, რომ ადამიანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და ინფექციის გავრცელების მხრივ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული მსოფლიოში ეს უკვე მესამე დიდი ეპიდემიური აფეთქებაა. ეს არის ვირუსი, რომელიც ადამიანზე ცხოველებიდან და ფრინველებიდან გადადის. პირველი ეპიდაფეთქება დაფიქსირდა 2003 წელს, რამაც გამოიწვია 8 000 ადამიანის დაზიანება და 9-დან 10%-მდე იყო გარდაცვალება. მეორე აფეთქება იყო 2012 წელს, ე.წ შუა აღმოსავლეთის სინდრომი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან დაიწყო და მაშინ 2 500 ადამიანი მოიცვა, მაგრამ მაღალი იყო ლეტალობა, დაახლოებით 35%, ხოლო მესამე შემთხვევა 2019 წლის 31 დეკემბერს, დაიწყო ჩინეთში და დღეისთვის მთელს მსოფლიოში 81 000 ადამიანზე მეტი მოიცვა. ზოგადი გარდაცვალების მაჩვენებელი ჩინეთში არის 2,3%, ჩინეთს გარეთ კიდევ უფრო ნაკლები.
როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ჩინეთში, ბოლო 10 დღეა, ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება, მაგრამ მატულობს დაავადების შემთხვევები 38 ქვეყანაში, სადაც ინფექცია გავიდა, მათ შორის ყველაზე მეტია სამხრეთ კორეაში – 1 500 შემთხვევაზე მეტი, შემდეგ მოდის იტალია (ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი), ირანი, სინგაპური და რამდენიმე ევროპული ქვეყანა.
მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-ს დაავადებთა კონტროლის ცენტრმა გამოაცხადეს პანდემიური მზადყოფნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელია პანდემია, როდესაც ინფექცია აზიანებს ყველა კონტინენტს და ყველა ქვეყანას. ამიტომ თითოეული ქვეყანა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული გეგმის მიხედვით თავის სამოქმედო გეგმას ქმნის.
“საკმაოდ კარგი პრევენციული ზომები გატარდა თავიდანვე ჩინეთის მიმართულებით, რამაც დაგვიცვა იმისგან, რომ ჩინეთიდან ინფექცია არ შემოვიდა. ჩვენთვის უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდა ირანი. ჩინეთიდან ჩამოსული ის მუშა-ხელი, რომელიც ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არიან დასაქმებულნი, საკმაოდ კარგად გადიან აუცილებელ კარანტისა და თვითიზოლაციას, რაც დადგენილია საერთაშორისო წესებით”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
კორონავირუსის სიმპტომები იგივეა, რაც ახასიათებს ყველა რესპირაციულ ინფექციას, იქნება ეს გრიპი თუ სხვა. გამოიხატება მაღალი ტემპერატურით, ხველით, სუნთქვის გაძნელებით, ქოშინით და ა.შ. ყველაზე საყურადღებო გართულება არის ატიპიური ვირუსული პნევმონია, რითიც შემდგომ იღუპებიან ადამიანები.