მმართველი პარტია “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის აზრით, მისი ძმის ცოლის თვითმკვლელობაში, რომელიც დღეს ახალქალაქში ხიდიდან გადახტა, დამნაშავეა ის ხალხი, ვინც მის ოჯახზე მუდმივად ზემოქმედებდნენ.
ყოფილი დეპუტატის თქმით, მისი რძალი ამ მდგომარეობამდე, რამდენიმე მოვლენამ მიიყვანა.
“2019 წელს, პეტროსიანის შვილმა ჩემს ძმას, მარტუნს დაარტყა, მან ტვინის შერყევა მიიღო, შემდეგ 2020 წელს 26 მარტს, სროლებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, მისი შვილი ციხეში ჩასვეს. შვილთან საუბარს უშლიდნენ. ყოველდღე ჩემთან მოდიოდა, ტიროდა, მეუბნებოდა, – ჩემი შვილის ხმა გამაგონეთო. შემდეგ თავდასხმა ჩემს ძმაზე, როცა ავტომობილი ააფეთქეს. ხოლო ბოლო დროს, რა არ დაგვაბრალეს. კომპანიებს ამოწმებენ, გადახდილ გადასახადს კვლავ გვახდევინებენ. ჰესი გააჩერეს. ჩვენი ოჯახის განადგურება სურთ”, – ამბობს ის.
ყოფილი დეპუტატის თქმით, ამ ყველაფერმა ერთად იმოქმედა მის ძმის ცოლზე, ბოლო დღეებში კი, სტრესის წყარო ჰესის დახურვა გახდა.
“რა თქმა უნდა, ეს მისთვის სტრესი იყო, სახლში სულ ამაზე საუბრობდნენ. ჩემმა ძმამ, ამ ბოლოს მითხრა, – მოდი, ყველაფერი გავყიდოთ და აქედან წავიდეთო. მან ძალიან რთულად გადაიტანა თავდასხმა მის მეუღლეზე, ხოლო არმენის (დაღუპულის ბიჭი იარაღის უკანონო გამოყენებაშია დამნაშავე) საქმე ჯერ დახურული არ იყო. მე ვეკითხები, – ბავშვი, რატომ ჩასვეს? მეუბნებიან ბალანსისთვის”, – ამბობს მკოიანი.
დღეს, 27 იანვარს, ახალქალაქში დაახლოებით 10:00 საათზე, საფეხმავლო ხიდიდან, რომელიც ძველ N 1 სამხედრო ქალაქს ახალქალაქთან აერთიანებს, 50 წლის ქალი გადახტა. დაღუპული ენზელ მკოიანის ძმის ცოლია.
თვითმკვლელობა ახალქალაქში: ქალი ხიდიდან გადახტა
სროლების შემთხვევა, რომელზეც ენზელ მკოიანი საუბრობს, 2020 წლის 26 მატს მოხდა. იმ დღეს, შუადღის შემდეგ, დაახლოებით 15:30 საათზე, პარლამენტის დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახლთან სროლების ხმა გაისმა. საბოლოოდ არავინ დაზარალებულა. როგორც გაირკვა, სროლები პარტია “ენმ”-დან პარლამენტის ყოფილ დეპუტატ სამველ პეტროსიანსა და მაშინ, ჯერ კიდევ “ქართული ოცნების” მოქმედ დეპუტატ ენზელ მკოიანს შორის გაიმართა.
ინციდენტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის მუხლით, სამველ პეტროსიანს და მკოიანის ძმისშვილს, არმენ მკოიანს, ბრალი წაუყენეს. ორივე მსჯავრდებული გირაოთი გაათავისუფლეს, მაგრამ საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა და საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი არ არის.