გუშინ, ახალციხის ტელეარხმა “Tv9” საკუთარ ინტერნეტგვერდზე განათავსა მასალა, იმის შესახებ, რომ 31 იანვარს ახალქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელშიც ნინოწმინდის მოსახლეობაც მიიღებს მონაწილეობას. ახალქალაქში, ამის შესახებ, ტელეარხიდან გაიგეს.
ინფორმაციის თანახმად, აქციის მიზეზი მოსახლეობის უკმაყოფილებაა, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში სამუშაოდ წასვლა შეუძლებელია. ნათქვამია, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა რუსეთთან საზღვრის გახსნას მოითხოვს.
დაკეტილი საზღვრები, ფულის შოვნის დახურული შესაძლებლობები, შეზღუდვები რა თქმა უნდა ახალქალაქში ბევრზე დამღუპველად მოქმედებს და, ალბათ, ყველა დაეთანხმება მსგავს მოთხოვნებს, თუმცა საპროტესტო აქციის გამართვაზე საუბარი არ ყოფილა.
Jnews-მა ინფორმაციის დასაზუსტებლად, თუ კონკრეტულად, სად ჩატარდება აქცია, ვინ არის ორგანიზატორი და საერთოდ, ახალქალაქში იციან, თუ არა ამის შესახებ? ჩვენ ზოგიერთ აქტიურ ორგანიზაციას დავუკავშირდით, რომლებსაც შეიძლება სცოდნოდათ, იგეგმება თუ არა რამე მსგავსი. ასევე, ვკითხეთ აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც გულგრილნი არ არიან საზოგადოებრივი მოვლენების მიმართ. თუმცა აქციის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ისინი თავიანთ ნაცნობებს ეკითხებოდნენ და ჩვენ გვირეკავდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ არც ნაცნობებს სმენიათ ამის შესახებ. საბოლოოდ Jnews-მა ქუჩაში ჩაატარა გამოკითხვა, იმ იმედით, რომ ამ თემას დავაზუსტებდით. თუმცა, იქაც ვერ მივაღწიეთ ვერაფერს.
უშედეგო ძიებისა შემდეგ, გადავწყვიტეთ იმ რესპონდენტებისგან მიგვეღო ინფორმაცია, რომლებიც კომენტარს აკეთებდნენ “Tv9”-ზე გასულ მასალაში. ერთ-ერთი რესპონდენტი სამველ მნოიანი ვიპოვეთ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვაკანის მცხოვრები ამბობს, რომ ის არ არის აქციის ორგანიზატორი და რომ ინტერვიუ არ მიუცია, უბრალოდ “Tv9”-ს მასალა გააზიარა.
“მე მასალა გავაზიარე და შემდეგ შემთხვევით ვნახე, რომ ჩემი სახელით კომენტარი წერია. მე ინტერვიუ არავისთვის მიმიცია, მათ დავურეკე, ვერ მივხვდი ჩემი სახელით კომენტარი, რატომ დაწერეს. მათ მიპასუხეს, რომ არაფერი, უბრალოდ დაწერეს. მაგრამ ეს ხომ პასუხისმგებლობაა”, – ამბობს სამველ მნოიანი.
დაზუსტების მიზნით საბოლოოდ “Tv9”-ს მივმართეთ. გვითხრეს, რომ მასალა ნინოწმინდის მცხოვრების, ნაზელი წარუკიანის (ბაბაჯანიანის) შეტყობინების საფუძველზე გააკეთეს და ამ განცხადების გამოგზავნას დაგვპირდნენ, თუმცა არ გამოგვიგზავნეს.
ნაზელი წარუკიანი ჩვენ ვიპოვეთ, როგორც მისი ნათქვამიდან გაირკვა, აქციის იდეა “TV9”-ის გვერდზე განთავსებული კომენტარების შედეგად წარმოიშვა.
“მე არ ვვარაუდობდი, რომ აქცია იქნებოდა. 8 რიცხვიდან დაწყებული განცხადებას ვწერდი, საელჩოში, საკონსულოში ვრეკავდი, Facebook-ზე ვწერდი. მოსახლეობა ბევრ კომენტარში ითხოვდა და დღე დავნიშნეთ, ყველა, რაღაც დღეს გვთავაზობდა და საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ 31 იანვარს, კვირას, 13:00 საათზე, ყველა ახალქალაქში შევკრებილიყავით. ხოლო კონკრეტულად სად, მოსახლეობა გადაწყვეტს. როცა მოსახლეობას ვამბობ, ვგულისხმობ ახალქალაქის სოფლების და ქალაქის მცხოვრებლებს. ჩემს კომენტარებში შედით და ნახეთ, ვინ შედის მოსახლეობაში. ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია. მე არ მინდა პასუხისმგებლობა ვინმეს დავაკისრო. რომ რომელიღაც სახელმწიფო დაწესებულებამ ვინმეზე ზეგავლენა მოახდინოს. ეს ნებაყოფლობითად ჩათვალეთ, ხალხი ინტერნეტში, ვინც “ხოფანჩია” (ასე უწოდებენ იმ ადამიანებს, ვინც რუსეთში დადის სამუშაოდ. რედ), ვისაც სხვა ადგილებში ნათესავები ჰყავს. მე “tv9”-ს გავუგზავნე, შედით და კომენტარები წაიკითხეთ, რომ გამოგონილი არ გეგონოთ. მით უმეტეს, 2000-მა ინტერნეტმომხმარებელმა გააზიარა. ბევრი კომენტარია. ამჟამად მე ნინოწმინდელები ყოველდღე მეკითხებიან, რამდენი მანქანით უნდა წავიდეთ. რაც უფრო მეტი წავალთ, მით უკეთესი იქნება. აქციის ორგანიზატორი მე არ ვარ, მე გაფორმება მთხოვეს, თუ წაიკითხავთ, მიხვდებით. მე რამდენიმე ადამიანმა მთხოვა, მომწერეს და გაფორმება მთხოვეს, რათა ახალქალაქში შევხვდეთ. მე უბრალოდ მოსახლეობის თხოვნა შევასრულე”, – ამბობს ნაზელი წარუკიანი.
გაიმართება თუ არა ახალქალაქში აქცია, ჯერჯერობით უცნობა.
ფოტო Jnews-ის არქივიდან