ვანო გვარამაძეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ბარალეთის მკვიდრს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ამჟამად, სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება. ვანოს დასახმარებლად სახსრების შეგროვება დაიწყო.

28 წლის ვანო 14 წლამდე ბარალეთში ცხოვრობდა, შემდეგ ოჯახით კახეთში გადავიდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ვანოს დეიდა, ნათელა გვარამაძე, რომელიც ბარალეთში ცხოვრობს, ამბობს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მის დისშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაეწყო.

“ყველაფერი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაიწყო. ავტოკატასტროფაში მან ფეხი დაიზიანა, რის შემდეგაც მუხლებში ტკივილი დაეწყო. შემდეგ, ამ შემოდგომით, ოქტომბერში, მას ანგიოსარკომა (კიბოს ნაირსახეობა) გამოუვლინდა. ექიმებმა მკურნალობა გერმანიაში შესთავაზეს. ამჟამად ის გერმანიაში იმყოფება. რამდენიმე დღის წინ ფეხის ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა. სასწრაფოდ ესაჭიროება ქიმიოთერაპია, თითო კურსი 100 000-დან 150 000 ევრომდე ღირს”, – ამბობს ვანოს დეიდა.

ვანო დაოჯახებული არ არის, ჰყავს ორი ძმა. მშობლები კახეთში არიან, მათ მუდმივი სამუშაო არ აქვთ, ისინი მესაქონლეობით არიან დაკავებულნი.

როგორც სოფელ ბარალეთის უფროსმა, ვარლამ ბერუჯანიანმა გვაცნობა, ახალგაზრდის დასახმარებლად სოფელმა სახსრების შეგროვება დაიწყო.

“სოფელში სახსრების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს, მკურნალობისთვის 150 ათასი ევრო გვთხოვეს. სახსრების შეგროვება გრძელდება, ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 70%-მა გადარიცხა თანხა. შეგროვილი თანხა სოფლის მოსახლეობამ ახალგაზრდა ადამიანის დეიდას უნდა გადასცეს”, – თქვა ვარლამ ბერუჯანიანმა.

“საქართველოს სომეხთა დახმარების კავშირმაც” გადარიცხა თანხა ვანო გვარამაძის დასახმარებლად.

იმისთვის, რომ ვანო გვარამაძეს დაეხმაროთ, სახსრები შეგიძლიათ მისი ძმის, რობიზონ გვარამაძის ანგარიშზე “თიბისი ბანკში” ჩარიცხოთ.

GE43BG0000000132270400
GE74TB7051145061100100