პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.
უგულავას განმარტებით, სასამართლოს მიერ მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს დაწესებული, თუმცა გუშინ ის საზღვარზე გააჩერეს და განუცხადეს, რომ საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთდა.
“შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი – გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს.
ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია,” – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც მიმართავს.
“ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ,” – წერს უგულავა.
გიგი უგულავა ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდში. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უგულავა დაადანაშაულეს საზოგადოებრივი თანხების მითვისებაში თბილისის მერის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. მოგვიანებით დაემატა ფაქტობრივი სამუშაო ადგილების შექმნის ბრალდება. შედეგად, უგულავამ 2 წელი და 7 თვე გაატარა გისოსებს მიღმა. გაათავისუფლეს 2017 წლის დასაწყისში, იგი პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა და პარტია “ევროპულ საქართველოს” გენერალური მდივნის თანამდებობა დაიკავა. ეს პარტია კი, იმ პოლიტიკოსების ჯგუფის მიერ დაარსდა, რომლებმაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგები დატოვეს.
2020 წელს უგულავა კვლავ გაასამართლეს, თბილისის მერად მუშაობის პერიოდში თანხის გაფლანგვის საქმეზე, რის შემდეგაც ის პრეზიდენტმა შეიწყალა. გარკვეული დროის განმავლობაში უგულავას მართლაც “შეეზღუდა საზღვარგარეთ გამგზავრება”. 2019 წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დედაქალაქის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო ქვეყნის დატოვება აუკრძალა. მაშინ, უგულავას და მისი პარტიის წევრს, გიორგი გაბაშვილის ლარნაკაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ინციდენტი მოუხდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ – ერთი თავდამსხმელი იყო ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი. გამოძიებამ გიგი უგულავას ბრალი წაუყენა ძიუდოისტის ცემის ფაქტზე. გაბაშვილი მსხვერპლად აღიარეს.