კვირის დასაწყისში, 18 იანვარს, საახალწლო არდადეგების შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა. ქალაქ ახალქალაქში სკოლები დისტანციურად მუშაობენ, მუნიციპალიტეტის სოფლებში, ვაჩიანის გარდა, შენობებში. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად სკოლები სასწავლო წლის დასაწყისში, სექტემბერში, გადაამოწმეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 65 სკოლა მოქმედებს, – 60 სოფლებში, 5 ქალაქში. 18 იანვრიდან ყველა სოფლის სკოლაში, ერთის გამოკლებით (სოფელ ვაჩიანში), სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში დაიწყო. მუნიციპალიტეტში სწავლის მოქნილი ფორმატი მოქმედებს, ის სკოლები, სადაც კორონავირუსის გავრცელების საშიშროება გაჩნდება, დროებით დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.
როგორც ახალქალაქის რესურსცენტრში განაცხადეს, ყველა სკოლაში არის შესაბამისი ადამიანი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებას ადევნებს თვალყურს.
რესურსცენტრის დირექტორის, ტერეზა ჩივჩიანის თქმით, შარშან, ახალ სასწავლო წლამდე ყველა სკოლამ რეკომენდაციების შესაბამისად გაიარა შემოწმება.
“სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სოფლის სკოლა სპეციალურმა კომისიამ შეამოწმა, რომელიც განათლების სამინისტროში იყო შექმნილი. ყველა სკოლამ გაიარა მონიტორინგი, პრობლემები იყო სოფელ სულდას სკოლაში, სადაც არ იყო წყალი, მაგრამ ეს მთელი სოფლის პრობლემა იყო და მალე მოაგვარეს. ამჟამად სკოლები არ მოწმდება, თუკი ახალი რეკომენდაციები იქნება, ალბათ, ისევ შეამოწმებენ”, – თქვა ტერეზა ჩივჩიანმა.
მისივე თქმით, რესურსცენტრი სკოლებში სისუფთავის მონიტორინგს ატარებს, რომელიც პანდემიამდეც იყო.
სოფელ სულდას სკოლის დირექტორი, ედიკ თოროიანი ამბობს, რომ ნამდვილად სასწავლო წლის დაწყებამდე წყალი არ ჰქონდათ, მაგრამ ეს საკითხი უკვე მოაგვარეს.
“ყველა რეკომენდაციას ვიცავთ, ორი ცვლა გვაქვს. ჩვენ ყველა სადეზინფექციო ხსნარი გვაქვს. წელს ახალი სველი წერტილი ავაშენეთ, 2ტ-ის მოცულობის კონტეინერები და ტუმბოები ვიყიდე. როცა სამ დღეში ერთხელ გვაქვს წყალი, ვინახავთ და წყალი სამი დღე გვყოფნის”, – თქვა სოფელ სულდას საჯარო სკოლის დირექტორმა.
სკოლაში 110 მოსწავლე სწავლობს.
ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც სკოლაში უნდა შეასრულონ, არის მასწავლებლებისთვის, სხვა მომუშავეებისთვის პირბადის ტარება, მოსწავლეებს შორის მანძილი არანაკლებ 1,5 მეტრისა. უნდა იყოს ანტისეპტიკები, დეზობარიერები, ავეჯის ზედაპირებს დეზინფექცია მუდმივად უნდა ჩაუტარდეს.