საქართველოს ხელისუფლებამ კომერციული მეწარმეებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების პროგრამა დაამტკიცა.
პირველი იანვრიდან ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფი კილოვატზე საშუალოდ 11-12 თეთრით გაიზარდა. ამის გამო, ექსპერტებმა ადგილობრივი წარმოების გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ივარაუდეს.
“საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” გვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, ხელისუფლება მრეწველობის 20 სფეროსთვის 2020 და 2021 წლებში ტარიფებს შორის განსხვავების ნახევარს დაფარავს.
სუბსიდირებულ სფეროებად მოიაზრება: პურის ცხობა, ხორცის, ბოსტნეულის, თევზის გადამუშავება, მცენარეული ზეთის, რძის პროდუქტების, სახამებლის, მაკარონის, ორცხობილას და ნამცხვრების წარმოება.
სუბსიდია ასევე შეეხება შაქრის, სუნელების, დიეტური პროდუქტების და ცხოველების საკვების საწარმოებს.
სუბსიდიის მისაღებად კომპანიებმა 27 იანვრამდე უნდა მოასწრონ განაცხადის შევსება გვერდზე www.registration.gov.ge.
ბიზნესის გარდა, ხელისუფლება რიგითი მოქალაქეების ტარიფის განსხვავებასაც აფინანსებს. ამ შემთხვევაში სუბსიდირების პროგრამაში მოხვდებიან ისინი, ვინც თვეში 300 კილოვატზე ნაკლებს მოიხმარს.