დღეს, 11 იანვარს, მოსკოვში პუტინი-ფაშინიანი-ალიევის სამმხრივი შეხვედრა შედგა, სადაც ხელი მოეწერა განცხადებას. შეხვედრაზე განიხილებოდა მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი მოლაპარაკების საკითხი, რეგიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტის სამომავლო გზები, მოსახლეობის დახმარება, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო საშუალებების განვითარება და განბლოკვა.
როგორც გამოცემა Panarmenian-ი და სხვა წყაროები იტყობინებიან, მოსკოვში სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად პუტინის, ალიევის და ფაშინიანის განცხადებას მოეწერა ხელი, რომლის ძირითადი პუნქტები შემდეგია:
– პუტინის შეთავაზების თანახმად შეიქმნება სამმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერები ჩაუდგებიან სათავეში და წარმოადგენენ კონკრეტულ გეგმებს, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას ეხება.
– სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას 2021 წლის 30 იანვრამდე გამართავს, რომლის შედეგების მიხედვით სამუშაოს ძირითადი მიმართულებების ჩამონათვალი ფორმირდება, პრიორიტეტების სახით რკინიგზის და საავტომობილო შეტყობინების დაყენება.
– სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზაციის მიზნით, შეათანხმებენ ექსპერტების, ხელისუფლებების კომპეტენტური ორგანოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების ქვეჯგუფების შემადგენლობას, რომლებიც ამ მიმართულებებით იმუშავებენ.
– სამუშაო ჯგუფი 2021 წლის 1 მარტამდე წარადგენს იმ ღონისძიებების ჩამონათვალსა გრაფიკს უმაღლეს დონეზე დასამტკიცებლად, რომლებიც მოიცავს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენასა და მშენებლობას, რაც აუცილებელია აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით საერთაშორისო ტრანსპორტის უსაფრთხოების ორგანიზებისთვის, აგრეთვე ტრანზიტისთვის.
მოლაპარაკებების დასაწყისში პუტინმა აღნიშნა, რომ დღეს მოლაპარაკებების დღის განრიგის საკვანძო საკითხები დარეგულირებულია. “ვგულისხმობ საკითხებს, რომლებიც რუსი სამშვიდობოების კონტიგენტის საქმიანობასთან არის დაკავშირებული, დემოკრატიული ხაზების დაზუსტებით, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაცვით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რეგიონში ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის, საზღვრების გახსნის საკითხი. სავარაუდოდ, ამ საკითხებით რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ვიცე-პრემიერების თავმჯდომარეობით შექმნილი სპეციალური სამმხრივი სამუშაო ჯგუფი დაკავდება,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს კრემლში მოსკოვის დროით 14:00 საათზე დაიწყო რუსეთის მხარის მიერ ინიცირებული სამმხრივი მოლაპარაკებები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ყარაბაღში 44-დღიანი ომის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.
დღეს, კრემლში ცალკე ორმხრივი შეხვედრები გაიმართა პუტინი-ფაშინიანსა და პუტინი-ალიევს შორის.