“წყლის დონე მდინარე ფარავანში მოიმატებს, რადგან ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები”- იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ 24 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან, ახალქალაქის მიმდებარედ, ფარავანჰესის დაცლასთან დაკავშირებით, გაიხსნება აუზის ფარები, რაც გამოიწვევს სოფელ ხერთვისამდე მდინარე ფარავნის დონის 30/40 სმ-მდე მომატებას. მდინარე ფარავნის სიახლოვეს ნებისმიერი ფორმით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ ადგილობრივ მოსახლეობას, მეთევზეებსა და მოლაშქრეებს, გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და არ დააყენოთ საფრთხის ქვეშ თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ოთხი დღის განმავლობაში მდინარის დონის მომატებულ მონაკვეთებზე პრევენციის მიზნით იმორიგევებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასპინძის განყოფილების სამაშველო ჯგუფები. შექმნილი ვითარების დაკავშირებით თაობაზე უკვე ინფორმირებულია ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური.
87მვტ სიმძლავრის ფარავანჰესი 2014 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობით თურქული კომპანია Georgian Urban Energy (GUE) იყო დაკავებული. პროექტის ინვესტირება რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მიერ 125მლნ დოლარის ოდენობით მოხდა.
ჰიდროსადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია გადაეცემა ახალციხის ქვესადგურს, რომელიც თავისმხრივ, შავი ზღვის მაღალი ძაბვის ენერგოგადაცემის ქსელის პროექტის ნაწილია. ზამთრის პერიოდში სადგურზე გამომუშავებული ენერგია მთლიანად საქართველოს ენერგომომარაგებისათვის გამოიყენება.