გასული წლის შედეგების შეჯამებისას კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ახალქალაქში კულტურა და სპორტი ერთ ადგილზე გაიყინა, პროგრესი არ აღინიშნება.
ახალქალაქის კულტურის სახლის ხელმძღვანელმა, ალიკ ქსპოიანმა ცეკვის ხელოვნების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ კორონავირუსისგან ყველაზე მეტად კულტურის ეს სახეობა დაზარალდა.
“საშინელებაა, სიტყვები არ მყოფნის, თუკი წლის განმავლობაში საქართველოსა და სომხეთში 10 ფესტივალში ვმონაწილეობდით, წლეულს, მხოლოდ ერთხელ მივიღეთ მონაწილეობა. 2019 წელს ევროპის სამ ქვეყანაში ვიყავით, ვმონაწილეობდით საერთაშორისო ფესტივალებში, სადაც გრან-პრი მოვიგეთ. რუმინეთში, სერბეთში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ორი პირველი ადგილი დავიკავეთ და ორი გრან-პრი დავიმსახურეთ. წელს ჩვენ მძევლები ვართ, რადგან კორონავირუსის გამო, ვერსად წასვლა ვერ მოვახერხეთ,” – ამბობს აშუღი.
მათ არა მხოლოდ გასტროლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცეკვის გაკვეთილების ჩატარებაც შეწყვიტეს.
“თუკი სოფლებში ცეკვის გაკვეთილებს ვატარებდით, ახლა ვერც ერთ სოფელში ვერ ვატარებთ მეცადინეობებს. ჩვენ სულ, რაღაც ერთი თვე ვმეცადინეობდით, მხოლოდ იანვარ-თებერვალში. კორონავირუსის გამო, ვერაფერი მოვასწარით,” – დასძენს ალიკ ქსპოიანი.
ახალქალაქში ბევრი ისეთი ღონისძიება არ ჩატარდა, როგორიცაა ფესტივალი “ჯავახეთის გაზაფხული”, “ეროვნული სამოსი”, “დეკლამაციები”, “მის სილამაზე”. 29 აპრილს ისინი მასშტაბურად აპირებდნენ ცეკვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, მაგრამ ინფექციამ ყველაფერი ჩაშალა.
შექმნილი ვითარების გამო, ახალქალაქის კულტურის სახლმა ონლაინ-მეცადინეობების ჩატარება დაიწყო.
“დღემდე ვატარებთ ონლაინგაკვეთილებს, ხოლო აშუღების სკოლაში კვირაში ერთხელ მეცადინეობებს, როგორც ონლაინ, ასევე ჩვეულებრივ, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით. წარმოიდგინეთ, ამ პირობებშიც კი ბავშვების 80% მზად არის. ჩვენ ცეკვის გაკვეთილების ონალინ ჩატარება არ შეგვიძლია,” – ამბობს ახალქალაქის კულტურის სახლის უფროსი, ალიკ ქსპოიანი.
მისივე თქმით, კორონავირუსისგან ყველაზე მეტად კულტურა დაზარალდა.
ახალქალაქის მუსიკალური სკოლის დირექტორი, სვეტლანა კაროიანი ამბობს, რომ მათაც გაუჭირდათ.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ონლაინმეცადინეობებს ვატარებთ, მაგრამ ეს ძალიან რთულია მათთვის, ვისაც სახლში პიანინო არ აქვს, ეს პრობლემაა. ოქტომბერში კონკურსებში ვმონაწილეობდით, ჩვენი ორი მოსწავლე დიპლომებით და ჯილდოებით დაბრუნდა საერთაშორისო კონკურსებიდან, ეს უმნიშვნელო რამ არ არის. ასეთია სიტუაცია მთელ მსოფლიოშია, რას ვიზამთ, ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება,” – ამბობს სვეტლანა კაროიანი.
ახალქალაქის მომავლის სახლის დირექტორი, სათენიკ მაიტესიანი აღნიშნავს, რომ მათ ყველა საგნის ონლაინკურსი ჰქონდათ, მაგრამ მცირე შესვენებებით, რადგან მასწავლებლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.
“ყველა საგანში გვქონდა ონლაინგაკვეთილები, მაგრამ ყველა მასწავლებელი დაინფიცირდა, ამიტომ იყო შესვენებები. ვიმედოვნებ, რომ ახალი წლის მერე ყველაფერი კარგად იქნება,” – ამბობს მაიტესიანი.
მისივე თქმით, ონლაინგაკვეთილები ცოცხალ ურთიერთობას ვერ შეედრება, ეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავალია.
ახალქალაქის მუზეუმის დირექტორის, სედა არაკელიანის თქმით, მათი საქმიანობა შეზღუდვების დაწესებასთან ერთად შეიზღუდა.
“სიმართლე გითხრათ, მუზეუმი – ეს ისეთი ადგილია, სადაც შეუძლებელია რაიმეს ონალინ გაკეთება, ტურისტები უნდა მოვიდნენ, რათა ვაჩვენოთ და ავუხსნათ. ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულიდან ყველაფერი გაიხსნება და ნორმალურ მუშაობას დავიწყებთ,” – ამბობს არაქელიანი.
ახალქალაქის სამხატვრო სკოლის დირექტორმა, კარლენ კარაპეტიანმაც მოსწავლეებისთვის ონლაინ-სწავლება აირჩია.
“მართალია, გაკვეთილებს სკოლაში არ ვატარებთ, მაგრამ ონლაინ-გაკვეთილებს ვატარებთ, მოსწავლეები საკუთარ ნამუშევრებს ონლაინ გვაჩვენებენ, ჩვენ დავალებებს ვაძლევთ, ყველა მოსწავლე ასრულებს დავალებას და ამოცანას,” – ყვება კარაპეტიანი.
სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები, ონლაინ შესრულებულიც კი, ერევანში იყო გამოფენილი.
“ბევრი ნამუშევარი გავგზავნეთ გამოფენაზე, რომელიც ერევანში უნდა შედგეს, როგორც ყოველთვის ჩვენს ნამუშევრებს ჩვენს Facebook-გვერდზე ვდებთ,” – დაამატა მან.
სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ეპიდემიის დროს მუდამ ხატავენ, მაგალითად, ყარაბაღის ომის, სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, არჩევნების თემაზე, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დავალებებს ასრულებენ. სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დავალებებს ჯგუფის ყველა ბავშვი ასრულებს, 6 წლიდან დაწყებული უფროსი ჯგუფით დამთავრებული.
ახალქალაქის ჭადრაკის სკოლის დირექტორი ვაჰან სოღოიანი ამბობს, რომ კორონავირუსის ყველაზე ნეგატიური მხარე არის ის, რომ მათ შეჯიბრებებში ვერ მიიღეს მონაწილეობა.
“ყველაზე მთავარი ის არის, რომ შეჯიბრებებში ვერ მივიღეთ მონაწილეობა, მხოლოდ ონლაინ ვმონაწილეობდით, ისიც ძალიან ცოტა, სულ რაღაც ერთხელ, ან ორჯერ. შეჯიბრებებს მუდამ დიდ დროს ვუთმობდით, ვმონაწილეობდით საერთაშორისო, რესპუბლიკურ და რეგიონალურ შეჯიბრებებში. ზაფხულიდან დავიწყეთ ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება და დღემდე ვაგრძელებთ, მოსწავლეებს არდადეგები არ ჰქონიათ. ჩვენ ონლაინ-მეცადინეობებს აუცილებლად ვატარებთ,” – აღნიშნა სოღოიანმა.
ახალქალაქის სპორტკომპლექსის დირექტორმა, ატომ ელიზბარიანმა განაცხადა: ჩვენ ონლაინ შეჯიბრებებს ვერ ვატარებთ, რადგან კრივში დემონსტრაციები არ არის, არის მხოლოდ შეჯიბრები, რომელსაც ონლაინ ვერ ჩაატარებ. კორონავირუსამდე იყო შეჯიბრი, საქართველოს ჩემპიონატი, საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც ვმონაწილეობდით. თუმცა, კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების შემდეგ შევაჩერეთ, მაგრამ შეხვედრები გვქონდა.
კორონავირუსის ეპიდემიის დროს ახალქალაქის სპორტული სკოლის აღსაზრდელები სხვადასხვა ონალინ-შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ და სხვადასხვა პოზიციას იკავებდნენ.
“ნათელია, რომ კორონავირუსმა ყველაფერზე უარყოფითად იმოქმედა, მათ შორის, ვარჯიშებზე, რადგან სპორტულ დარბაზებში ვერ ვიკრიბებოდით. თუმცა, დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, მეთოდები და შეჯიბრები ონლაინ გაიმართა. იგივე “კატას” ბავშვები კამერასთან აკეთებენ,” – ამბობს მწვრთნელი კარატეში, რაფაელ დარბინიანი.
მისივე თქმით, ონლაინშეჯიბრებებმა დადებითი ეფექტიც მოახდინა, რადგან შეჯიბრებებში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობა და მათ არეალის გაფართოების შესაძლებლობა მიეცათ. ცუდია ის, რომ ონალინშეჯიბრის დროს სპორტსმენებს ჟიურის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არ მიეცათ.