პანდემიური სასოფლო-სამეურნეო წელი ახალქალაქში დამუშავებული მიწების ზრდით გამოირჩევა. 2020 სასოფლო-სამეურნეო წლის შედეგებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი რამაზ გოგოლაძე განიხილავს.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობამ რაღაც მხრივ გაიმარჯვა. რაიონში სათესი მიწების მასშტაბი გაიზარდა. სოფლის მოსახლეობამ, რომელსაც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ადგილზევე სოფლის მეურნეობით დაკავდა.
“გაიზარდა ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის მიწა. შემოდგომით ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სახნავ მიწებმაც იმატა. ეს ცხადია, რადგან მიწის დამუშავებას შემოდგომით მაშინ იწყებენ, როდესაც გაზაფხულზე დათესვას აპირებენ. მუნიციპალიტეტში ხახვის, ჭარხლის, ნივრის, სტაფილოს სათესი მიწები გაიზარდა, ანუ ხალხი ალტერნატიული კულტურების მოყვანით დაკავდა”,- ამბობს რამაზ გოგოლაძე.
ის თვლის, რომ თუკი ხუთბალიანი სისტემით შევაფასებთ, 2020 სასოფლო-სამეურნეო წელი მუნიციპალიტეტში ოთხის შესაბამისი იყო.
მთავარი სპეციალისტის თქმით, დარეგისტრირებულ და აგროდაზღვევის მქონე მიწების რაოდენობა გაიზარდა. ის ამბობს, რომ ეს ნათელია, რადგან პროგრამებში მონაწილეობის სურვილით მეტი ადამიანი მიმართავს.
“აგროდაზღვევა ყოველ წელს იზრდება. არ ვიცი, რას ამბობს ხალხი, მაგრამ არის სტატისტიკა, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხალხმა მიწების დოკუმენტები მოაწესრიგა, მიწების უმეტესობა დიდი ხნის წინ დაღუპული ნათესავების ან სხვების სახელზე იყო”,- ამბობს რამაზ გოგოლაძე.
ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის განვითარების ბევრი პროგრამის რეალიზება მოახდინა და კვლავაც განაგრძობს. ზოგიერთი უკვე დასრულდა, ხოლო ზოგიერთი ჯერ კიდევ გრძელდება. ის სახელმწიფოს ანტიკრიზისულ პროგრამას- დიზელის საწვავის და აგრო-ბარათების დარიგებას აღნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა ვითარდება, რეგიონს აგრონომების საჭიროება აქვს.
რეგიონში სამწუხაროდ მესაქონლეობა არ ვითარდება. ცხვარს თითქმის აღარ ინახავენ, ხოლო მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა შემცირდა. შესაძლოა, ეს საძოვრების შემცირებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება, ვეტერინარების არარსებობაც იწვევდეს ამას. მუნიციპალიტეტში სულ რაღაც 4-5 ვეტერინარია.
“ჩვენთან მიწათმოქმედება უფრო განვითარებულია, ვიდრე მესაქონლეობა, უკანასკნელი ძალიან შრომატევადი საქმეა, დიდ შრომას მოითხოვს, გარდა ამისა, არავის უნდა ფერმებში მუშაობა. ვეტერინარების უკმარისობაა. ახალგაზრდობას არ სურს ვეტერინარიის ან აგრონომიის სწავლა”,- ამბობს რამაზ გოგოლაძე.
სასოფლო-სამეურნეო წელიწადს ციფრებში JNEWS-ი მომავალი წლის დასაწყისში გამოაქვეყნებს.