2020 წელი ახალქალაქის სპორტის სფეროშიც უნაყოფო აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის გამო საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებები გადაიდო. თუმცა, სპორტსმენები სახლის პირობებში ვარჯიშობენ, რათა ფორმაში იყვნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრი სპორტის სახეობაა აქტუალური, მათ შორის: ფეხბურთი, კრივი, კარატე და სხვ. თუმცა, არის სპორტის ზოგიერთი სახეობა, რომლის მეშვეობითაც მსოფლიომ ჯავახეთის სპორტსმენების შესახებ შეიტყო, ეს შემდეგი სახეობებია: კრივი, კარატე, ჭიდაობა და კიკბოქსინგი. სამწუხაროდ, წელს ბევრმა სპორტსმენმა COVID-19-ის გამო ვერ მოახერხა სასურველი წარმატების მიღწევა.
ახალქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ვალერ სტელმაშოვის თქმით, 2020 წელი სპორტსმენებისთვის არც ისე წარმატებული იყო. მისი მტკიცებით, წელს კორონავირუსის გამო ბევრი შეჯიბრი ვერ შედგა, თუმცა მცირე მიღწევები მაინც არის.
“წელს საკმაოდ ბევრი წარმატება გვაქვს კარატეს ონლაინ შეჯიბრებში, ასევე მცირე მიღწევები არის კრივში და ჭიდაობაში”,- ამბობს ის.
სპორტკომპლექსის დირექტორის ატომ ელიზბარიანის თქმით, სპორტული შეჯიბრების აკრძალვამდე, იანვარში და თებერვალში, ახალქალაქის მოკრივეები საერთაშორისო შეჯიბრებში არაერთხელ გახდნენ ჩემპიონები. თუმცა, შემდეგ, პანდემიის გამო, მოკრივეებმა საერთაშორისო არენაზე გასვლა ვერ მოახერხეს.
“2020 წელს საქართველოს კრივის ნაკრების შემადგენლობაში სხვადასხვა ასაკის 9 მოკრივე გვყავს, სკოლის ასაკიდან მოყოლებული ზრდასრულობის ასაკამდე. ყველა მათგანი საქართველოს ჩემპიონია”,- ამბობს ის.
აღვნიშნავთ, რომ მარტის დასაწყისში, ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოდან 7 სპორტსმენი ჩაფრინდა, მათ შორის იმყოფებოდა ახალქალაქის სპორტკომპლექსის მოსწავლე არტიუშ გომციანი 57კგ წონით კატეგორიაში. თუმცა, შეჯიბრი დაუსრულებელი დარჩა, კრივის Olympic Qualifying Tournament-Europe ოლიმპიური რეიტინგული ტურნირი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო გადაიდო. 2020 წლის მარტიდან ბევრი სპორტული შეჯიბრი გადაიდო. ასევე აღსანიშნავია TOKYO-2020 ოლიმპიური თამაშები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადაიდო.
დღესდღეობით, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყველა სპორტული დარბაზი, სპორტული სკოლა და სპორტკომპლექსი დაკეტილია. თუმცა, როგორც ტრენერები, ასევე სპორტსმენები იმედოვნებენ, რომ 2021 წელს ყველაფერი აღდგება, ისინი ვარჯიშს შეძლებენ და დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
კრივის ტრენერის, გაგიკ ელიზბარიანის თქმით, დარბაზები დაკეტილია, მაგრამ მოსწავლეები ვარჯიშს სახლში განაგრძობენ, რათა სულ ფორმაში იყვნენ. მისი მტკიცებით, ზოგიერთი მოკრივე შეჯიბრზეა, ხოლო ზოგიერთი უკვე სახლში დაბრუნდა. შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდნენ გორ აივაზიანი, ვიგენ ფილოსიანი, არამ ხრიკიანი, ჟირაირ საარიანი და სხვა მოკრივეები.
როგორც ახალქალაქის სპორტკომპლექსის მოკრივეები ამბობენ, ისინი სახლში განაგრძობენ ვარჯიშს, ხოლო დავალებებსა და მითითებებს მათი მწვრთნელისგან ღებულობენ.