ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ახალციხეში იმყოფება. იგი მეგობრებთან და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ახალციხის ციხეს ათვალიერებს.
მერაბიშვილი ახალციხეში, მშობლების სახლში დღეს, 21 თებერვალს ჩამოვიდა, მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ამის შესახებ წერს პორტალი “სამხრეთის კარიბჭე”.
“ეს არ არის შეხვედრა ოპოზიციასთან, მოვინახულეთ მეგობრებმა, ახალციხის ციხე უნდა დაათვალიეროს”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ვაჟა ჩიტაშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა და შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ, 20 თებერვალს დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ პარტიას შეუერთდება: “მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება”.
მის პოლიტიკურ განცხადებას გამოეხმაურდნენ, როგორც მმართველი ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები.