ახალქალაქში მუდამ აქტუალურია ნაგვის გატანის პრობლემა. სოფლის მოსახლეობამ არ იცის, სად დაყაროს ნაგავი. ადამიანები ნაგავს ტყეში ან სადღაც, სოფლის მახლობლად ყრიან, რითაც ხელოვნური ნაგავსაყრელები იქმნება. ამ სოფლების რიგს სოფელი ხანდოც მიეკუთვნება.

სოფელ ხანდოს მახლობლად მოსახლეობამ ამოთხარა დიდი ორმო, სადაც სოფლის ნაგავს ყრის.

როგორც ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერი არმენ ბიჩახჩიანი იტყობინება, წელს სოფელ ხანდოდან ნაგვის გატანის სამუშაოები არ ჩატარებულა.

“ეს ნაგავსაყრელი საერთოდ არ დასუფთავებულა, წელს დასუფთავების სამუშაოებზე სახსრები აღარ არის”,- ამბობს არმენ ბიჩახჩიანი.

ხანდოს ნაგავსაყრელი 5-6 წელია არსებობს. სოფლის სპეციალისტი ამბობს, რომ ნაგავსაყრელს ყოველ წელს მიწას აყრიან.

“ნაგვის გატანის სამუშაოები არ ჩატარებულა. ცოტა წარმოუდგენელი და სასაცილო იქნებოდა, თუკი ნაგავს ყველა ქალაქში გაიტანდა, ყველას არ აქვს მისი გადატანის ტექნიკა. ჩვენ ნაგვის ურნების დაყენება გვინდოდა, მაგრამ არის ტრანსპორტირების პრობლემა. რამდენჯერმე წამოვაყენეთ საკითხი, მივმართეთ, ნაგვის ურნები არის- ამასთან დაკავშირებით პრობლემა არაა, არსებობს ტრანსპორტირების პრობლემა. ახლა ჩვენი ძალებით ვცდილობთ ორგანიზებას. სოფელ ხანდოს მკვიდრები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, თანხით გვეხმარებიან, ტექნიკა თვეში ორჯერ ემსახურება სახლებს, ნაგავს აგროვებს და ამ ორმოში ყრის”,- ამბობს სოფელ ხანდოს სპეციალისტი აშოტ საარიანი.

იყო შეთავაზება, გაკეთებულიყო შემოღობილობა ნაგვის ორმოს გარშემო, რათა ქარმა ქაღალდები და პოლიეთილენის პაკეტები არ მოფანტოს, თუმცა ამ მიმართულებით არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა.

JNEWS-ის თანამშრომლებმა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსახლკარო ძაღლები შეამჩნიეს. სოფლის სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ადამიანების დაზიანების შემთხვევა არ ყოფილა, და დარწმუნებულია, რომ მომავალშიც არ იქნება.

“ამ რაიონში ხალხისათვის ზიანის მიყენების შემთხვევა არ ყოფილა, უსახლკარო ძაღლების შესახებ შესაბამის უწყებებს ვაცნობეთ, მაგრამ არავითარი ზომა არ იყო მიღებული”,- ამბობს აშოტ საარიანი.

როგორც საარიანი აღნიშნავს, ისინი სოფლის საკითხებს მუდამ ადგილობრივ თვითმმართველობაში აყენებენ, მაგრამ გასათვალისწინებელია ადგილობრივი ბიუჯეტი და შესაძლებლობები.

სოფლის სხვადასხვა კუთხეში შეიმჩნევა მცირე ნაგავსაყრელები, როგორც თვითონ სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, ეს ნაგავსაყრელები პერიოდულად მიწით იფარება, რათა ნაკლებად შესამჩნევი იყოს.