დღეს, 20 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზებულის სტატუსი მიანიჭა.
უმაღლესი სასწავლებლები ავტორიაციას ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ გადიან. მათ გარკვეული სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ავტორიზაციის გავლა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს 2019 წელს მოუწია, წერს sknews-ი.
„ძალიან გახარებული ვარ. მნიშველოვანია რომ საბჭომ გაითვალისწინა უნივერსიტეტის 30 წლიანი გზა და პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ეს ერთი ადამიანის დამსახურება არ არის“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.
უნივერსიტეტმა ავტორიზაციის მინიჭებამდე რამდენიმე საფეხური გაიარა.
„პირველ რიგში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნივერსიტეტმა საკუთარი თვითშეფასება წარადგინა, სადაც ეწერა თუ როგორ განვითარდებოდა შვიდი სტანდარტის მიხედვით. ამის შემდეგ ცენტრმა შექმნა ექსპერტთა კომისია, მისი წევრები უნივერსიტეტში დეკემბერში ორ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. შეამოწმეს მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. დასკვნის დაწერის შემდეგ მათი რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, საბოლოოდ ავტორიზაციის საკითხს მხარი დაუჭირეს“, – განაცხადა უნივერისტეტის რექტორმა.