ახალქალაქში და რეგიონში უკვე რამდენიმე დღეა, რაც “ჭკვიანი” კამერები საგზაო მოძრაობის დარღვევებს აფიქსირებენ. რამდენიმე ადამიანი უკვე დაჯარიმდა.
ძირითადად, როგორც მძღოლები ამბობენ, აჯარიმებენ ავტომობილებს ტექდათვალიერების გარეშე და სიჩქარის გადაჭარბებისათვის.
“მე წალკა-თბილისის გზაზე დამაჯარიმეს. ჯარიმა 18 დეკემბრამდე არ იყო, მაგრამ 18-ის შემდეგ ბევრმა მიიღო ჯარიმა. ტექდათვალიერების გამო 50 ლარით დამაჯარიმეს”,- ამბობს Jnews-ის მკითხველი.
საპატრულო პოლიციაში ჯარიმების დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, და შეგვატყობინეს, რომ “ჭკვიანი” კამერები მთელ ქვეყანაში მუშაობენ.
9 ადგილას, ახალქალაქის შესასვლელებში, ასევე ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, დამონტაჟებულია “ჭკვიანი” კამერები. ისინი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს აფიქსირებს, ასევე მათი მეშვეობით ავტომობილების შესვლა-გასვლის დეტალური კონტროლი იქნება შესაძლებელი. კამერები დამონტაჟებული იყო შსს-ს ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით. ქალაქში 9 ადგილას 18 კამერაა დამონტაჟებული.
“ჭკვიანი” კამერების მიერ გამოწერილი ჯარიმების 60% გადაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო დანარჩენი 40% ცენტრალურ ბიუჯეტში გადავა. მუნიციპალიტეტმა “ჭკვიანი” კამერების მომსახურებისათვის 48 000 ლარი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში “ჭკვიანი” კამერები დღემდეც მუშაობდა, მაგრამ დარღვევებს არ აფიქსირებდა. ეს იხსნება იმით, რომ ინფრასტრუქტურა და საგზაო ნიშნები არ იყო ნორმალურ მდგომარეობაში. ახალქალაქში ახალი საგზაო ნიშნებია დამონტაჟებული, მაგრამ ყველგან არა. ხოლო ცენტრალური ქუჩები: თავისუფლების, ჯავახეთის, ნალბანდიანის, ასევე ქალაქის ცენტრში ქუჩები დიდი ორმოებით, დღემდე არ არის კეთილმოწყობილი.