შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა.
„პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ასეთ შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარს (დაახლოვებით 600 დოლარს) შეადგენს.
“საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს”,-ნათქვამია უწყებაში.