ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის მოსახლეობა ჩივის, რომ სოფელში ამბულატორია არ არის. მათი მტკიცებით, ამბულატორიის მშენებლობას დაპირდნენ, მაგრამ არ ააშენეს.
სოფელ ხავეთის მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან შორს მდებარეობს და ამბულატორიის არსებობა სოფელში აუცილებელია.
“ღმერთმა არ ქნას, ვინმეს რამე, რომ დაემართოს, ამ გზებზე ახალქალაქში ავადმყოფის გადაყვანას ვერ მოვახერხებთ. ჩვენ არ ვიძახით, რომ ხელისუფლებამ საავადმყოფო ააშენოს. ჩვენ გვინდა, რომ პირველი სამედიცინო დახმარების მიღებისათვის ამბულატორია ააშენონ”,- ამბობს სოფლის მცხოვრები ლერნიკ პეტროსიანი.
როგორც სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა შედეგი ჯერ არ უნახავთ.
“გასულ წელს ხალხი იყო მოსული, დასახლება ნახეს, თითქოსდა პროექტი შეადგინეს, თუმცა, როგორც ხედავთ, შედეგი ჯერჯერობით არ არის”,- ამბობს სამველ პოღოსიანი.
სოფელ ხავეთში მერის წარმომადგენლის ხაჩატურ მოვსესიანის თქმით, მშენებლობის პროექტი უკვე მზად არის, მშენებლობა კორონავირუსის გამო გაგრძელდა. მისი მტკიცებით, ახალ ამბულატორიას სოფლის ცენტრში ძველის მოპირდაპირე მხარეს, მომავალ 2021 წელს ააშენებენ.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ახალი ამბულატორიები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაქვში, ჩამძვრალაში, კარტიკამში და ღადოლარში ააშენეს. სოფელ ბარალეთში, დილისკაში, აზავრეთში, არაგვაში, ალასტანსა და კუმურდოში უკვე არსებული შენობები გაარემონტეს.
ახალი ამბულატორიების მშენებლობაზე ოთხ სოფელში გამოყოფილი იყო 360 000 ლარი, ხოლო ექვს სოფელში რემონტზე- 250 000 ლარი, პროექტის საერთო თანხა 610 000 ლარს შეადგენდა.
ახალქალაქის რაიონში სულ 3 ამბულატორია ფუნქციონირებს ნორმალურად, დანარჩენი მოქმედებს კერძო სახლებში, რაც კანონით აკრძალულია.
ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის ავეტ ტონაკანიანის თქმით, ჩვენს რაიონში მინიმუმ 62 ამბულატორია უნდა იყოს.